"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (SJC) შეფასებით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
საქმე ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" კანონში. ცვლილების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან მისი საცხოვრებელი ადგილის ან სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეამოწმოს მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და შევიდეს სხვის კერძო საკუთრებაში სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. თუკი კერძო საკუთრების თანამესაკუთრე ან თანამფლობელი ან დამსაქმებელი თანახმა იქნებიან შემოწმებაზე, მიგრაციის დეპარტამენტს სასამართლოს ბრძანების გარეშეც შეუძლია ჩაატაროს შემოწმება.
ორგანიზაციის თანახმად, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიგრაციის საკითხის პოლიციურ და კრიმინალიზებულ ჩარჩოებში აქცევს და სრულად არის დაცლილი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებისგან.
"კანონპროექტის ინიციატორები დაჩქარებული წესით ამ ცვლილების მიღების მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ უკანონო მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის მაისში მიღებული ცვლილებების გაგრძელებაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ასევე დაჩქარებულად, საზოგადოებრივი განხილვისა და კონსულტაციების გარეშე მიიღო. წინა ეტაპზე ცვლილებები 18 კანონში შევიდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებდა.
საგულისხმოა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა ცვლილებით გათვალისწინებული ზომების გატარება ჯერ კიდევ მათ ამოქმედებამდე დაიწყო, მაგალითად 27 ივნისს, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შემდეგ. იგივე მოხდა, 30 ივნისს, 14 მიგრანტი.
როგორც წინა საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც კანონპროექტის ინიციატორები არ ითვალისწინებენ ისეთი ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევის სიმძიმეს, როგორიც არის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის ხელშეუხებლობა, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიგრაციის საკითხის პოლიციურ და კრიმინალიზებულ ჩარჩოებში აქცევს და სრულად არის დაცლილი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებისგან. ამასთან აშკარაა, რომ მიგრანტების მიმართ გამკაცრებული კონტროლი არის იარაღი ავტორიტარული რეჟიმის ხელში, რომელსაც ის იყენებს სოციალური უკმაყოფილების მოწყვლად ჯგუფებზე ყურადღების გადატანისთვის და მათი დემონიზებისთვის. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკების შედეგია და მიგრანტებთან დაკავშირებული შიშები პირველ რიგში და სისტემურად ეკონომიკურია და ის სწორედ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ როტირიკას ასევე მკვეთრად პრობლემურად და რასისტულად იყენებს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც, რაც შიშების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ცალსახა მაგალითია ასევე",- აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".




























