საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა",- აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სწორედ ამ წუთებში ცდილობენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ხერხებით გაათავისუფლონ მომიტინგეებისგან. ადგილზე მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი და გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. უწყების განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შსს-მ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.