სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2024 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, ცვლილებები შეეტანა შესაბამის ბრძანებაში იმგვარად, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე სუბიექტების მიერ წარსადგენ დეკლარაციაში არ მომხდარიყო ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნება.
2024 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება და შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციარების და სხვა პირთა პირადი ნომრების, საბანკო ანგარიშის ნომრების და საფინანსო ინსტიტუტების ასახვა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინდივიდების მიმართ რეგულაციების ნეგატიურ ზეგავლენას, თუმცა სრულად ვერ ასახავს და არ მიიღწევა სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადების მიზანი, ვინაიდან რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში კვლავ რჩება მითითებული ფიზიკურ პირთა სახელები და გვარები. შესაბამისად, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება სრულად იყოს გაზიარებული.
ზოგადი წინადადების სრულად შესრულების მიზნით, სახალხო დამცველი გამოთქვამს იუსტიციის სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.