მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახდეპი ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ანგარიშს აქვეყნებს - რა წერია საქართველოზე?

სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს 9 და უცხოეთის 3 მოქალაქე დააკავა ISIS-თან აფილირების გამო.

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციამ შეიმუშავა ახალი მობილური დაკვირვების სისტემა და გააძლიერა მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობები. თუმცა ასევე მითითებულია რომ კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების სრულფასოვანი კონტროლი. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 65 სასაზღვრო კონტროლის პუნქტიდან 10 სასაზღვრო პოლიციის პუნქტი ინფრასტრუქტურულ გამართვას საჭიროებს. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ზამთრის განმავლობაში საქართველო რუსეთთან ჩრდილოეთის საზღვრის სრულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს. ანგარიშის თანახმად, დაგეგმილია ახალი საკონტროლო პუნქტების მოწყობა ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები