მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს - ქეთევან თურაზაშვილი

ქეთევან თურაზაშვილი

ინტერპელაციის წინ შეიკრიბეთ და სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს, - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა, რომელიც პენსიონერების სესხების პრობლემაზე უკვე ერთი წელია მუშაობს. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავაც სწორედ საპენსიო სესხების საკითხზეა მისული.

„გულწრფელად ვამბობ, რომ გუშინ რაც მოხდა, პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა. ზუსტად ინტერპელაციის წინა დღეს შეიკრიბა პრემიერი, თქვენ ქალბატონო ნათია, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი და სასწრაფოდ, სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს. ერთი წლის წინ მე მქონდა პირველი გამოსვლა ამ საკითხზე, ამ მუშაობამ შედეგი გამოიღო და „ქართული ოცნება“ და თქვენ იძულებული გახდით, რაღაც მოგეფიქრებინათ და შეგეთავაზებინათ ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 370 000-მდე პენსიონერი გვყავს, ყველას „ლიბერთი ბანკის“ სესხი აქვს, და მოტყუებით აქვთ აღებული ის სესხები, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. შესაბამისად, 150 000 კი არა 370 000 პენსიონერს უნდა მივხედოთ, რადგან მათ უკვე 5-10-ჯერ მეტი თანხა აქვთ გადახდილი, ვიდრე მათი სესხი იყო. ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება რომ მათი სესხი რაღაც პროცენტით შემცირდა და ზოგ მათგანს 10-20 ლარით შეუმცირდა, არაფერია. ფაქტობრივად, თქვენ პენსიონერებს ეუბნებით, რომ მე გძარცვავდი და გავაგრძელებ შენს ძარცვას, უბრალოდ ნაკლები თანხით, ამიტომ ეს არ არის სწორი“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ საკითხზე აუცილებელია სამუშაო ჯგუფმა დაიწყოს მუშაობა, რომელიც არამხოლოდ 150 000 პენსიონერის, არამედ ყველა მათგანის საქმეზე ერთიან გადაწყვეტილებამდე მივა.

„მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ, რომ სამუშაო ჯგუფმა, რომელზე იყო საუბარი და რომელზეც პრემიერი ამ დარბაზში დაგვპირდა, და ირაკლი ზარქუამ უნდა უხელმძღვანელოს, დაიწყოს მუშაობა, მე სიამოვნებით ჩავერთვები, ვიმუშავებ, ჩემს ინფორმაციას გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს, ვინაიდან ამ ადამიანებს ყოველდღე ვხვდები.

საბოლოოდ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულ იქნეს ერთიანი რეგულაცია, რომელიც ავტომატურად ყველა პენსიონერზე გავრცელდება და მათ არ მოუწევთ ცალ-ცალკე, ინდივიდუალური მიმართვა. ბევრ მათგან ჯანმრთელობის ან საცხოვრებლის გამო „ლიბერთი ბანკისთვის“ მიმართვა არ შეუძლიათ“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები