ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი არ იზიარებს ფარმაცევტული ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებას იმის შესახებ, თითქოს სამინისტრო სახელმწიფო აფთიაქს ქმნის.
აზარაშვილის განმარტებითვე, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, თუმცა საქართველოში მთავრობა მხოლოდ იშვიათი მედიკამენტების ნაწილში აპირებს ამ მიდგომის დანერგვას.
"სახელმწიფო აფთიაქს ნამდვილად არ ვქმნით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს. ჩვენს შემთხვევაში ხდება ინოვაციური და იშვიათი მედიკამენტების შეძენა. ანუ ფარმა ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს არასწორი ინტერესი. მაგალითად 2, 3 და 4-ჯერ ძვირად რომ ყიდიან მედიკამენტებს. ვფიქრობთ, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ, პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონებია და ეს საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციაა. ისინი ასევე გვეხმარებიან რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვასა და ზოგადად ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში",- აცხადებს აზარაშვილი.
„ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს სახელმწიფო აფთიაქი შექმნას“ - ასეთი დამოკიდებულება აქვს ფარმაცევტულ ბიზნესის ნაწილს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო ძვირად ღირებული, ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვას აპირებს. ამ შემთხვევაში მართული შესვლის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც თავისი არსით ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კონფიდენციალური იქნება.
ვრცლად ამ თემაზე: სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან იყიდის - რა კითხვები აქვს ფარმა ბიზნესს?