მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აგროდაზღვევის პოლისების სუბსიდირება რიგ შემთხვევებში დროულად არ ხდება - აუდიტის ანგარიში

სოფლის მეურნეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2014-დან 2021 წლის ჩათვლით სახელმწიფო აგროდაზღვევით პოლისების სუბსიდირება რიგ შემთხვევებში დროულად არ ხდებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ობიექტს სსიპ − სოფლის განვითარების სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენდა, აუდიტი კი აგროდაზვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 2014 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავდა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო სადაზღვევო პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის სამართავად ელექტრონულ პროგრამას იყენებს, რომლის საშუალებითაც პოლისების ვალიდურობას ამოწმებს და კომპანიისთვის სუბსიდიის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს.

სახელმწიფო აუდიტორები ასევე ამბობენ, რომ სადაზღვევო ზარალის შემთხვევაში ბენეფიციარის საქმიანობის დროული ფინანსური ხელშეწყობის საჭიროებებიდან გამომდინარე სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირების მნიშვნელობა მაღალია. ამასთანავე, პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის პროდუქტიულობა ბენეფიციარისთვის ზარალის არასრულად ანაზღაურების რისკების შემცირებას უწყობს ხელს.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა სადაზღვევო პოლისების ელექტრონული მონიტორინგის პროცესის შემდეგი ნაკლოვანებები:

  • რიგ შემთხვევებში პოლისისთვის სუბსიდირების საბოლოო სტატუსის მინიჭება მისი გაცემიდან არაგონივრული დროის შემდეგ ხორციელდება. გარკვეულ შემთხვევებში ბენეფიციარის მოლოდინის დრო თითქმის გაუტოლდა პოლისის მოქმედების მაქსიმალურ ერთწლიან ვადას;
  • ამასთანავე, პოლისების 25,018 (23%) შემთხვევაში სუბსიდირების საბოლოო სტატუსი მინიჭებულია დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდგომ, საიდანაც 28% შემთხვევაში, 6,924 პოლისისთვის, სტატუსის მინიჭებამდე დადგა ზარალი. ასეთი გარემოებისას (სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ჩარიცხვამდე ზიანის დადგომის შემთხვევაში), ხელშეკრულების პირობების თანახმად, ზიანის ანაზღაურება კომპანიის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს ნაწილობრივ − ბენეფიციარის თანხის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის/პრემიის პროპორციული ზიანი ანაზღაურდება სააგენტოს მხრიდან თანხის გადარიცხვის შემდგომ. მიუხედავად ასეთი შესაძლებლობისა, დაგვიანებით დარეგისტრირებული პოლისების შემთხვევაშიც ზარალი ანაზღაურდა სრულად.

რაც შეეხება სადაზღვევო მომსახურებით ბენეფიციართა კმაყოფილების უზრუნველყოფას, მომხმარებელთა ლოიალობის ტენდენციების გაანალიზებით მზღვეველებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ სერვისის პრეფერენციები და გაუმჯობესების სფეროები, რაც ღირებულია სტრატეგიული დაგეგმვის, პროდუქტის განვითარებისა და სტაბილურ მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად.

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლიდან პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის ზოგადი ტენდენციის შეფასებით გამოვლინდა, რომ მონაწილეთა გადინების წლიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 50%-ზე მეტს შეადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამიდან გასვლის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, რაც მეტწილად განპირობებულია სერვისით − ბენეფიციართა კმაყოფილებით. მიუხედავად ამისა, მცირედით იზრდება დაუზარალებელი ფერმერების გასვლის რაოდენობა, რაც შესაძლოა ცნობიერების გაუმჯობესების საჭიროებაზე მეტყველებდეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

პროგრამის მიმართ მომხმარებელთა ნდობის და კმაყოფილების ამაღლების მიზნით სააგენტოში ასევე საჩივრების მექანიზმი ფუნქციონირებს. საჩივრების ანალიზით გამოვლინდა, რომ სააგენტო ვერ უზრუნველყოფს საჩივრების სრულად აღრიცხვას და სისტემური პრობლემების კატეგორიზაციას.

სადაზღვევო შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, სააგენტოში შემოსული საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელოა, რაც შესაძლოა სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითებდეს ამ მექანიზმის მიმართ ნდობის დაბალ ხარისხსა და საჩივრების ადმინისტრირების სისტემურ ნაკლოვანებებზე:

  • გარკვეული საჩივრები არადამაკმაყოფილებელი ხარისხით რეგულირდება კონკრეტული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, რაც სიტუაციის სხვადასხვანაირი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა;
  • სააგენტო არ აწარმოებს საჩივრების/პრეტენზიების სისტემატიზაციას და არ ატარებს მიზნობრივ ღონისძიებებს მსგავსი პრობლემების პრევენციისთვის.

ანგარიშის მიხედვით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ ლარი გამოიყო და პროგრამაში ყოველწლიურად საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობდა, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს 66.1 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურდა, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები