"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მკაფიოდ და საჯაროდ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც, მისი შეფასებით, იქნება ნათელი გზავნილი იმისა, რომ ამერიკული მხარე საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის სცენარს არ ეთანხმება.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარების შესახებ და განმარტა, რომ ეს პროცედურას არ მიესადაგება. მისივე თქმით, ელჩს მხოლოდ შეხვედრა სთხოვეს და დიპლომატიური ზომა დაბარება ამ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა.
„ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელსაც იყენებენ პროტესტის ნიშნად. ამ შემთხვევაში მსგავსი ფორმატი არ ყოფილა გამოყენებული. ელჩმა თავად გვაცნობა, რომ დაბარება არ ყოფილა. მხოლოდ შეხვედრა სთხოვეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, თუკი ამერიკულ მხარეს სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოში არეულობის პროვოცირება არ შედის მის ინტერესებში, ეს უნდა გამოჩნდეს ქმედით ნაბიჯებში, პირველ რიგში, "ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაუფარავ დაგმობაში".




























