მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო გვეუბნება, რომ ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება - მეღვინე

ნუგზარ ქსოვრელი

მეღვინე, „ზიარი ფერმის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი მიიჩნევს, რომ ღვინოზე სავალდებულო ნიშანდების შემოღება „ფარული გადასახადია“, რომელიც დარგს განვითარების ნაცვლად, დამატებით ტვირთად დააწვება.

როგორც ქსოვრელი BMG-სთან აცხადებს, სახელმწიფოს მიერ დასახელებული არგუმენტები ხარისხის კონტროლისა და მიკვლევადობის შესახებ, რეალობას აცდენილია.

მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, ღვინის იდენტიფიცირებისა და კონტროლის მექანიზმები ისედაც გამართულად მუშაობს და ახალი მარკირება მხოლოდ ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერია.

„თითოეულ მწარმოებელს აქვს ვალდებულება, დაიტანოს ბოთლზე 11-ციფრიანი ლოტის ნომერი, რომელიც აბსოლუტურ იდენტიფიკაციას აკეთებს და შესაძლებელს ხდის ღვინის მიკვლევადობას. ამიტომ, დამატებით რა საჭიროა ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. მოსაზრება, რომ ამ ქმედებით ხარისხი გაიზრდება, აბსურდულია,“ - აცხადებს ქსოვრელი BMG-სთან.

მეღვინე სახელმწიფოს მიდგომას პატერნალისტურს უწოდებს და მას საბჭოთა კავშირისდროინდელ მართვის სტილს ადარებს, სადაც ინდივიდუალური მეწარმის ნება უგულებელყოფილია.

„ეს იმას ჰგავს, მშობელი ბავშვს რომ ართმევს მობილურს და ეუბნება: შენ არ იცი ამის გამოყენება და მე უფრო კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთოო. ან დედა რომ ფულს ართმევს შვილს - მე ვიცი, შენ რაც გინდა და იმას გიყიდიო. სახელმწიფო გვეუბნება: თქვენ ვერ წყვეტთ, თქვენ არ ხართ პასუხისმგებლები, ამიტომ ჩვენ ძალით წაგართმევთ ამ ფულს და მერე ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს სასიკეთოდ. მგონია, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ.“

ქსოვრელის აზრით, თუ მარკეტინგული კამპანიებისთვის თანხების მობილიზებაა საჭირო, ეს პროცესი ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მწარმოებელთა გაერთიანებების მიერ უნდა კონტროლდებოდეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მეწარმე ამახვილებს ყურადღებას, პროდუქციის საბოლოო ფასის მოსალოდნელი ზრდაა, რაც განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე აისახება.

„ეს 10 თეთრი, ნომინალის ღირებულებისა და დამატებითი შრომის გათვალისწინებით, მინიმუმ 30-50 თეთრი გახდება. როდესაც ექსპორტზე გავდივართ, ჩვენი ფასი თაროზე მინიმუმ 5-ზე მრავლდება. შესაბამისად, ის 30 თეთრი, საბოლოო მომხმარებლისთვის ღვინოს დაახლოებით, 1.50 ლარით გააძვირებს. მსოფლიოში ღვინის მოხმარება ისედაც მცირდება, კონკურენცია რთულდება და ამ დროს სახელმწიფო გვეუბნება - ჩვენ პროდუქციას გაგიძვირებთ, ოღონდ ამ ფულით მერე მარკეტინგში დაგეხმარებითო.“

ნუგზარ ქსოვრელი განმარტავს, რომ ახალი რეგულაცია ტექნიკურადაც რთული შესასრულებელია მცირე საწარმოებისთვის. ბევრ მათგანს ეტიკეტები წინასწარ აქვს დაბეჭდილი, პროდუქცია კი უკვე დაფასოებულია.

„ჩვენ პატარა საწარმო ვართ, „ზიარი ფერმა“, და ეტიკეტები თითქმის ყველა ღვინოზე უკვე დაბეჭდილი გვაქვს. ახლა ეს ეტიკეტები, რომლებიც 50-დან 70 თეთრამდე ჯდება, უნდა გავაუქმოთ. ბოთლები უკვე ყუთებში გვაქვს ჩალაგებული. ახლა რა ვუყოთ ამ ნაშთს? უნდა გავხსნათ ყუთები, რაც დამატებითი ხარჯი და ზარალია. გარდა ამისა, არავის გაუაზრებია, მარკეტინგულად რამდენად ცუდად შეიძლება გამოჩნდეს ეს ნიშანი სხვადასხვა დიზაინის ეტიკეტზე“ - ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.

პარლამენტმა “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომლის საფასურიც, სავარაუდოდ, ბოთლზე , სავარაუდოდ, 10 თეთრით განისაზღვრება. ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნიშანდება QR კოდის დატანას გულისხმობს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ და ის პროდუქტის ხარისხისადმი სანდოობას უზრუნველყოფს.

ალკოჰოლიანი სასმელების წინა წლების რეალიზაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც წლიურად 140 – 150 000 000 ბოთლს შეადგენს, ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ ნიშანდებიდან მიღებული შემოსავალი სააგენტოსთვის 14-15 მლნ ლარის ფარგლებში იქნება. ამ თანხით, სააგენტო სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაფინანსებას გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს გადასახადი ე.წ. მცირე მარნებზე - მეღვინეების ნაწილს აქვს დაპირება, რომ მცირე მარნებისთვის 10 თეთრიანი სავალდებულო გადასახადი მოიხსნება, თუმცა, შესაბამისი ბრძანება მინისტრმა უნდა გამოსცეს და საკითხი შესაბამისი რეგლამენტებითა და კანონქვემდებარე აქტებით უნდა განისაზღვროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები