29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 113,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან - 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.
"რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. კახეთში ყურძნის მოსავალი 8 300-მდე მევენახემ დააბინავა", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.
წლევანდელი რთველის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იბარებს.
"რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას", - წერია პრესრელიზში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
























