მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კლინიკებს COVID-ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერას სთავაზობს

კლინიკა

სახელმწიფო კლინიკებს COVID-თან დაკავშირებული ჯარიმებისგან ნაწილობრივ განთავისუფლებას სთავაზობს.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კლინიკები გარკვეულ ვადაში 25%-ს აანაზღაურებენ, დანარჩენი დავალიანებისგან განთავისუფლდებიან.

მისი ინფორმაციით, ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

"COVID-ის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით არსებობდა არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს მათ შორის არაერთ აქტშია ასახული, რომლითაც ეს დაწესებულებები შემოწმდა. მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ამ დაწესებულების მიმართ, რომელსაც აქვს ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, შეეთავაზებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუკი დღეისთვის დავალიანებული თანხის 25%-ს აანაზღაურებენ სახელმწიფოს სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდებიან. ეს შეთავაზება დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ შევა ძალაში და მათ გარკვეული პერიოდი მიეცემათ, რომ სახელმწიფოს მომართონ.

ეს სამართლიანი შეთავაზებაა, გვქონდა კონსულტაციები თავად სამედიცინო დაწესებულებებთან",- თქვა მინისტრმა.

კითხვაზე, ეს კლინიკების თხოვნა იყო თუ არა, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ინიციატივა სექტორისგან მომდინარეობდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან იყო ჩამოყალიბებული საპასუხო მოდელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული სამართლებრივი დავებიც, რადგან სექტორში ფიქრობენ, რომ თავად შემოწმებების პროცესში ხარვეზები იყო.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ მათგან მომდინარე ინიციატივა იყო, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებებიც არის. გარკვეული პრობლემა და პრეტენზია არსებობდა, რადგან არის სექტორში მოსაზრება, რომ გარკვეული ნაკლოვანებები მათ შორის ამ საკითხების შემოწმების პროცესშიც არსებობდა. ასევე აღსანიშნავია მოქმედი კანონმდებლობის საკმაო სიმკაცრე, შესაბამისად ესეც განაპირობებდა გარკვეულ უკმაყოფილებას სექტორში. ახალი ფინანსური ინვესტიციების განხორციელების დროს ხშირად ხდებოდა აპელირება და შემაკავებელ ფაქტორად სახელდებოდა ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც სექტორს სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა",- თქვა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები