მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის გასაცემი მაქსიმალური ოდენობა ყოველწლიურად ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება

სს
18.03.24 20:20
692

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიებთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა შემდეგი კანონპროექტები განიხილეს: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში აისახა ინდექსაციის საკითხი, რის შესაბამისად, კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გასაცემი მაქსიმალური ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე - 1000 ლარს, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრება ყოველწლიურად შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების მიზანს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი პირების, ასევე იმ ადამიანების კომპენსაციის ზრდა წარმოადგენს, რომლებიც კანონიდან გამომდინარე განსხვავებულ კომპენსაციას იღებენ.

„კანონპროექტის თანახმად, მთავარი საკითხი არის კოეფიციენტების ცვლილება, რომელიც 2013 წლის შემდეგ უცვლელია. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კოეფიციენტების ზრდა ხდება წოდებების მიხედვით. გარდა ამისა, 2006 წელს დადგენილი ზედა ჭერი - 560 ლარი 1000 ლარამდე გაიზრდება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვების შემდეგ, მთავრობაში ინდექსაციის საკითხზე შეთანხმება მოხდა.

ამგვარად, კანონპროექტში აისახა ინდექსაციის საკითხი, რომლის თანახმადაც, 1 მაისიდან 2024 წლის ბოლომდე 1000-ლარიანი ჭერი იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად, განისაზღვრება ინდექსაციის საკითხი.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებით ისარგებლებენ როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენელები, ასევე ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ყოფილი დიპლომატები, სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილე.

ცვლილების თანახმად, მეხანძრე მაშველებისთვის ხდება 10-წლიანი დანაკლისის (2005-2015 წლების პერიოდი) ჩათვლა საერთო სტაჟში, რაც მნიშვნელოვანია როგორც საკომპენსაციო მიმართულებით, ასევე წელთა ნამსახურობით განსაზღვრული სახელფასო დანამატის კუთხითაც.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის შეფასებით, ინდექსაციასთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობას უხდის.

კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები