"ქართული ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო განსაკუთრებით აქტიურია ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. სარჯველაძის თქმით, ციფრებიც ამას ადასტურებს.
დღეს, 8 სექტემბერს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდამჭერ აქციას და მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით იქ გაჟღერებულ მოთხოვნას შეეხებოდა.
„შეხვედრა არასდროს არც პრობლემა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა აფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით. საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მგონია, რომ ამ კუთხით, რიცხვები მეტყველებს სწორედ ამაზე - თუკი რამდენიმე წლის წინ 50 მლნ-ს არ აჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მლნ-ს უტოლდება. მგონია, რომ ეს თვალსაჩინო არის საზოგადოებისთვის ისედაც და ასეთი ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ცალკეულ გააუმჯობესებს, ბუნებრივია, ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ. იმ ხალხს, ვინც შეიძლება იმყოფებოდეს აქციაზე, არასდროს შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ. არ ვიცი, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როცა ამ შეხვედრებს, ისედაც როდესაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვენ, ყოველთვის იღებენ. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ გაიმართა ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ ინოვაციურ მედიკამენტებს, კვლევებს და მკურნალობის თანამედროვე სახელმძღვანელოებს. მათ მინისტრთან შეხვედრა სურთ, რათა დაპირებების ნაცვლად იმსჯელონ კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებზე.




























