სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო, ხოლო ახალი პროგრამა ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება - ამის შესახებ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურა ჩხაიძემ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, Galt & Taggart-ის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო დეტალური ანალიზი, რომელიც 2017 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს და სექტორში მიღწეულ პროგრესს აჩვენებს.
"სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი საკმაო პროგრესს განიცდის. აქ წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაცია, საკმაოდ კარგი ანალიზი, რომელიც 2017 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.
სოფლის მეურნეობას სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა პროგრამის სახით საკმაოდ დიდი დახმარება ჰქონდა. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ კარგია და ეს სახეზეა. სოფლის მეურნეობის მინისტრმაც დააანონსა, რომ მომავალი თვიდან ახალი პროგრამით წარდგება, რაც ბიზნესს შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისათვის საკმაოდ დიდ გამოწვევას და სტიმულს მისცემს.
ზოგადად, პროგრამა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. თქვენ იცით, აქამდე მოქმედებდა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ცხადია, ამ ყველაფერმა თავისი შედეგები მოიტანა და საკმაოდ კარგი შედეგიც. თუმცა კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ახალი მიდგომები. როგორც გამოწვევა, ვფიქრობ, ბიზნესიც ამას ძალიან კარგად მიიღებს და შესაბამისი შედეგებიც იქნება", - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი შეფასებით, ბაზარი თავად არეგულირებს, რომელი მიმართულებები ვითარდება, თუმცა სახელმწიფოს პროგრამები ახალ პროდუქტებსა და ბაზრებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს. ბიზნესმენი მაგალითად ასახელებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა მოცვისა და დაფნის წარმოება.
მისივე თქმით, მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ისე დასაქმების ზრდასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
"ზოგადად, სოფლის მეურნეობა ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი განვითარებაა, ვინაიდან შედეგები სწორედ ახლა ჩანს იმ პროცესებისგან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
საერთოდ, ამას ბაზარი არეგულირებს. არსებობს ტრადიციული პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და არის პროდუქცია, რომელიც შედარებით ახლახან დაინერგა. მაგალითად, ახალი გამოწვევებია მოცვის მიმართულება და დაფნის მიმართულება. ჩვენს კომპანიასაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და გამოწვევად მიიღო, მაგალითად, ვენახების გაშენება. ზოგადად, უკვე შედეგიც მიღწეულია.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კულტურის ჯიშები უნდა გაიმიჯნოს, ერთწლიანი კულტურები ცალკე და მრავალწლიანი კულტურული ჯიშები ცალკე. ასევე, ახალი გამოწვევაა ახალი ბაზრები და ახალი პროდუქცია, რომელიც ისტორიულად ოდესღაც საქართველოში არსებობდა. ამ პროგრამების დახმარებით შესაძლებელია ამ მიმართულებების განვითარებაც.
ეს კი მოიცავს მოსახლეობის დასაქმებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და მაღალი პროდუქტიულობის შექმნას", - განაცხადა ზურა ჩხაიძემ პრეზენტაციის შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა.




























