მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს - რა ფასად იყიდის "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს?

რთველი

სახელმწიფო რაჭაში კომპანიების მიერ ყურძნის ჩაბარებას წელსაც დაასუბსიდირებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი განიხილა და მოიწონა.

სახელმწიფო 3 ფასად შესყიდულ ხარისხიან ყურძენსაც სპირტად გადაამუშავებს - ღვინის წარმოება არ იგეგმება | ღვინის ეროვნული სააგენტო

დოკუმენტით "რთველი 2026"-ის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვის ფასი დადგინდა. ამასთან, უწყების გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში სახელმწიფო 1 კგ ყურძენზე 4 ლარს იმ კომპანიებს გადაუხდის, რომლებიც "ხვანჭკარას" მიკროზონის ყურძენს სულ მცირე 8 ლარად ჩაიბარებენ.

"2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები: "ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი:

  • შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი;
  • შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი;
  • შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი;

საფერავის შემთხვევაში:

  • შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი;
  • შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი;
  • შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.

რაჭის რეგიონში, რთვლის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ყურძნის სუბსიდირებას: სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე", - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებაში განმარტავენ, რომ „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.

მათივე ცნობით, ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, შეიქმნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები