მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს კიდევ 700 მედიკამენტზე განსაზღვრავს - რა შეიცვლება ბაზარზე?

ირაკლი მარგველაშვილი

ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოების ფარგლებში მედიკამენტების ახალი ჩამონათვალის წინასწარ გაცნობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იყო. როგორც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კომპანიებს დაგეგმილი ცვლილებების გასაცნობად, მონაცემების გადასამოწმებლად და საკუთარი პოზიციების მოსამზადებლად ორკვირიანი ვადა ექნებათ.

საუბარია 700-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, 21 მოლეკულასა და დაახლოებით 317 სავაჭრო დასახელებაზე. ჩამონათვალში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ნევროლოგიური და ანტიპარაზიტული ჯგუფის მედიკამენტები, ასევე ტკივილგამაყუჩებლები.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 60% იმ მედიკამენტების ჩამონათვალშია, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად ყიდულობს.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის სიახლე, რომ კერძო სექტორს მედიკამენტების ჩამონათვალი წინასწარ, გამოქვეყნებამდე გააცნეს. აქამდე კომპანიები ინფორმაციას მხოლოდ პოსტფაქტუმ იღებდნენ, მას შემდეგ, რაც საბოლოო სია უკვე ქვეყნდებოდა. ახლა კი ორი კვირის ვადა ექნებათ, რათა დეტალურად გაეცნონ დაგეგმილ ცვლილებებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აუცილებლად დაეთანხმება ფასებს, მაგრამ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ მოამზადონ არგუმენტები, გადაამოწმონ ინფორმაცია და ოპერაციულად მოერგონ ახალ პირობებს. ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებაა სისტემის განვითარების პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 60% არარეცეპტორული მედიკამენტებია, ანუ ის პრეპარატები, რომლებსაც მოქალაქეები ყოველდღიურად ყველაზე ხშირად ყიდულობენ აფთიაქებში.

უნდა ითქვას, რომ დღემდე არცერთ საერთაშორისო მწარმოებელს საქართველოს ბაზარი არ დაუტოვებია და არც მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაქრობა არ დაფიქსირებულა.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამ ეტაპზე რეფერენტული ფასების სისტემაში 8 000-მდე მედიკამენტია გაერთიანებული, რაც ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 60%-ს შეადგენს.

სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეფორმის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯიბიდან გაწეული ხარჯების შემცირებაა. მათი შეფასებით, კომპლექსური ცვლილებების შედეგად მოქალაქეები დანახარჯები 30-40%-ით უნდა შემცირდეს.

„ყველა მედიკამენტზე ფასები ერთნაირად ვერ შემცირდება, რადგან სხვადასხვა პროდუქტს განსხვავებული ფასნამატი და საბაზრო სპეციფიკა აქვს. თუმცა საშუალო მაჩვენებლით მოლოდინი დაახლოებით იგივეა, რაც აქამდე, ანუ ეტაპობრივი გაიაფება.

საბოლოო შეფასების მთავარი კრიტერიუმი მოქალაქის ჯიბიდან გაწეული დანახარჯია. დღეს მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 40% პირდაპირ მოქალაქის მიერ იფარება, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია. საბოლოო მიზანია, რომ მოქალაქემ აფთიაქში რეალურად 30–40%-ით ნაკლები თანხა დახარჯოს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები