სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თეთრ სიაში რეგისტრაციისთვის საჭირო კრიტერიუმებს ცვლის. ცვლილებების მიხედვით, კომპანიებს თეთრ სიაში მოსახვედრად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 1 მილიონი ლარის ბრუნვა და ბოლო წელს მინიმუმ 200 000 ლარის ბრუნვა უნდა ჰქონდეთ, ან იმავე პერიოდში არანაკლებ 20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უნდა ჰქონდეთ ჯეროვნად შესრულებული, მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში მინიმუმ 5 ხელშეკრულება.
ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 16 ნოემბრის №109 ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
განახლებული წესით, თეთრ სიაში რეგისტრაციის მსურველ კომპანიას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან მიღებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი ცნობა, რომლებიც ადასტურებს, რომ მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა.
ამასთან, ცნობების მისაღებად გათვალისწინებული ხელშეკრულებების ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 200 000 ლარზე ნაკლები. ცნობები უნდა გაიცეს დადგენილი ფორმით, შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობები არ განიხილება. ასევე, მათი გაცემის თარიღი სააგენტოში თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე უნდა იყოს.
ცვლილება ასევე აზუსტებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების დადასტურების მოთხოვნებს. კერძოდ, სისტემაში შესაბამის ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტები და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია.
























