მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო სხვის კერძო საკუთრებას, საკმარისი მოკვლევის გარეშე, საკუთარ ტერიტორიად იზომავს - ბონდო ყიფიანი

ბონდო ყიფიანი

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის დასრულების მიუხედავად, კიდევ არაერთი მილიონი ნაკვეთია ასაზომი და დასაზუსტებელი - ამის შესახებ BMG-სთან იურისტი, უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარი ბონდო ყიფიანი საუბრობს.

მისი თქმით, პროექტის „დასრულებულად“ გამოცხადება, მაშინ როდესაც საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, მხოლოდ საიმიჯო გადაწყვეტილებაა. რადგან, როგორც ყიფიანი ამბობს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, სხვის კერძო საკუთრებას საკმარისი მოკვლევის გარეშე, საკუთარ ტერიტორიად იზომავს. მსგავსი უზუსტობების გამო, კი, მისივე თქმით, არაერთი მილიონი ნაკვეთი თავიდან ასაზომი და დასაზუსტებელია.

"შენ შეიძლება მიიზომო ის ნაკვეთი, რომელიც იყო შენი, მაგრამ განკერძოებულ ტერიტორიებს როგორ იზომავ და მით უმეტეს, ამას სტატისტიკაში როგორ ითვლი და ამით როგორ ამაყობ? ტერიტორიები, სადაც კვლევა-ძიება იყო საჭირო, თავი არ შეიწუხეს. არ დაადგინეს, რომ იმ უბანზე, სადაც თავისუფალი ტერიტორია ეგონათ, უკვე ხომ არ იყო ვიღაცის კერძო უფლება რეგისტრირებული ადრე. როცა შენ ამ ტერიტორიაზე მიდიხარ და შენს სათვალავში იწერ, ეს სტატისტიკურად შეიძლება ზრდის აზომილი ნაკვეთების შენს მაჩვენებელს, მაგრამ რეალურად, შეიძლება იქ იყო მესაკუთრეების უფლება, რომელიც არ გამოიძიე და რომელიც უნდა გაგეკეთებინა.

რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის, რაც არ გაკეთებულა ამ 30 წლის განმავლობაში, ახლა მაინც უნდა გააკეთო, თორემ იმ განკერძოებულ ტერიტორიებს თუ შენს უფლებაში და შენს ტერიტორიაში ასახავ, ამას გაკეთება არ შეიძლება დაერქვას. ამას ჰქვია წართმევა, სხვისი, კერძო საკუთრების წართმევა გამოუძიებლობის ხარჯზე", - ამბობს ბონდო ყიფიანი.

მისივე თქმით, გარდაუვალია, რომ მომავალში მოქალაქეებმა თავიანთ ნაკვეთებს მიაკითხონ, საბუთები მოიძიონ და აღმოაჩენენ, რომ სახელმწიფომ მათი უფლება უკვე მიითვისა ან გაყიდა. ეს კი, მისივე თქმით, გამოიწვევს დავებს, განუკითხაობას და პროცესების ქუჩაში გადატანას, რაც საჯარო რეესტრსა და შესაბამის ორგანიზაციებში უნდა გვარდებოდეს.

"პროექტის დასრულება გულისხმობს საქმის იმგვარად შესრულებას, რომ ამაზე აღარ მოგვიწიოს მორიგ ჯერზე, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მობრუნება და თავიდან კვლევა - ვისი უფლება არსებობდა და ვისი არა. მობრუნება მომავალ წლებში აუცილებლად მოგვიწევს, რადგან ეს არც ისე საფუძვლიანად არ გაუკეთებია სახელმწიფოს.

მე პირადად, მებაღეობის სააგარაკე ნაკვეთებს ვიკვლევ ინტენსიურად და მათი უდიდესი ნაწილი, 70-80% დღემდე აღურიცხავი და დაურეგისტრირებელია. ყველა იმ ზონაში, სადაც შემოსული იყვნენ სახელმწიფო ამზომველები, არსად საფუძვლიანად კვლევა არ მომხდარა და დღემდე ეს პროექტები დაუსრულებელია. ამიტომ, როგორ შეიძლება რეალურად საქმეების დასრულების გარეშე, პროექტი დასრულებულად გამოვაცხადო, ჩემთვის გაუგებარია," - ამბობს ბონდო ყიფიანი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სააგენტომ გეგმით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის სამიზნე ინდიკატორს მიაღწია, ამიტომ სისტემური რეგისტრაცია ფორმალურად ჩერდება, თუმცა ეს პროცესი სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა მიმართოს სააგენტოს. რომელიც თავის მხრივ, იმავე წესით - სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმებით დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთს. განსხვავებით, სისტემური რეგისტრაციისგან, მიწის რეგისტრაცია ფასიანი იქნება, საფასურს კი მთავრობა განსაზღვრავს.

ჯამში, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აიზომა 2 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობმა 1 101 570 ჰექტარი შეადგინა. 1 469 581 მოქალაქე გახდა მიწის მესაკუთრე. ხოლო 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობამ 95%-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები