სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცება და მათზე უკანონო სამშენებლო საქმიანობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობები ხშირად სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხორციელდება, რაც მწვანე ნარგავების დაზიანებას იწვევს. მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებები ორგანიზებულ და სისტემურ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება სოციალურ საკითხებს.
„ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური თემებით, თუმცა მოკვლევის შედეგად ვადგენთ, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ ჯგუფებთან, რომლებიც კანონის დარღვევით ცდილობენ ტერიტორიების დასაკუთრებას“, – აღნიშნა მერმა და მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაერთონ ამ ტიპის გარიგებებში.
კალაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წელს თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა გამოავლინა. სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, ინსპექციამ სამართალდამცავ უწყებებთან ერთად 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ თვითნებურად აშენებულ ნაგებობას, ხოლო ათეულობით ჰექტარი მიწა მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონებში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
„აღნიშნული მიმართულებით ინტენსიური ღონისძიებები გაგრძელდება და არცერთი უკანონო მშენებლობის ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება,“ – აღნიშნა კალაძემ და მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს თანამშრომლობისთვის.




























