მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო წყალბადის მოპოვებას დაარეგულირებს - რა ცვლილება იგეგმება "ნავთობისა და გაზის" შესახებ კანონში?

ნავთობის წარმოება

მთავრობა წყალბადის მოპოვებას საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს. შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში იგეგმება. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც მთავრობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით, პარლამენტს 2024 წლის საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს.

როგორც გეგმაში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ არის აღნიშნული, მსოფლიოში აქტუალურობა შეიძინა და ვითარდება ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის მოპოვება და გამოყენება, განსაკუთრებული ინტერესის სფეროს კი ბუნებრივი წყალბადის მოპოვება წარმოადგენს, თუმცა ეს მიმართულება საქართველოში სათანადოდ შესწავლილი არ არის და არც საკანონმდებლო რეგულირება არსებობს, რაც ინვესტორებს ხელს უშლის, რომ ინვესტიციები ჩადონ ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით.

„უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ეფექტურად განხორციელდეს ბუნებრივი წყალბადის მოპოვების სახელმწიფო რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს და დაარეგულირებს ნავთობის მრეწველობის განვითარებას საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად და შესაძლებელს გახდის მეტი თანამედროვე საწარმოების გახსნას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას“,- აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ დიდი ალბათობით, ახლო მომავალში, ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს, ნავთობთან და გაზთან ერთად, ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და კომერციალიზაცია დაიწყონ. ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას კი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გახდის შესაძლებელს.

გეგმაში განმარტებულია, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, ნავთობისა და გაზის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა, მათი მოპოვება შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს სახელმწიფომ, თუმცა არაა აღწერილი მექანიზმები ამ ექსკლუზიური უფლების გამოყენების შესახებ. ცვლილების პროექტი კი იმ მიზნით არის შემუშავებული, რომ სახელმწიფოს საკანონმდებლო დონეზე მიეცეს საშუალება თავად აწარმოოს ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის მოპოვება.

როგორც გეგმაში მოყვანილი ინფორმაციიდან ირკვევა, ნავთობისა და გაზის კომპანიებს ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლება მათთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში მიენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურად ბუნებრივი წყალბადის მოპოვება ნავთობისა და გაზის მოპოვების ანალოგიურ პროცედურებს გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში, მოიპოვება ნავთობისა და გაზის მიტოვებული საბადოებიდან. დოკუმენტის მიხედვით, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასთან დაკავშირებულ ცოდნას და ტექნიკურ საშუალებებს საქართველოში მოქმედი ნავთობის და გაზის კომპანიები ფლობენ. საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობის პირობებში კი შეუძლებელია ბუნებრივი წყალბადის გამოყენება.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიებისთვის სახელმწიფოს სახელით ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები