დავით ხიდაშელს სახლემიწფოსთვის ნახევარი მილიონის გადახდა მოუწევს. მიზეზი, ამჯერად ბორჯომში მდებარე კურორტ "ლიბანის" ჩამორთმევაა.
ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-ის უთხრეს, რომ მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ახლა კი, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შემდეგაც, ბიზნესმენს 499 500 ლარის გადახდა მოუწევს.
იქამდე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, სახელმწიფომ ხიდაშელისგან რაჭის ტყეები "დაიბრუნა".
"გაცნობებთ რომ კურორტი „ლიბანი“ დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ჯიენდის“ (ს/ ნ 402049680) შორის 2018 წლის 30 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე.
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა და გადაცემული ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 499 500 ლარის გადახდევინებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები", - გვიპასუხეს ეკონომიკის სამინისტროში.
საქმე ის არის, რომ დავით ხიდაშელის კომპანია „ჯიენდიმ“ 2018 წლის მარტში პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შეიძინა.
2018 წლის მარტში შეძენილი ქონების საპრივატიზაციო ვალდებულება, 8 000 000 ლარის ინვესტიციით მინიმუმ 70-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო.
ხიდაშელის კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, სახელმწიფომ კომპანიას ვადა 2024 წლის მაისამდე გაუხანგრძლივა. თუმცა, რადგან ვალდებულება ამ ვადაშიც ვერ შესრულდა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელს ქონება ჩამოართვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიდაშელი ამ დრომდე ფლობს სახელმწიფოსგან შეძენილ 2 ქონებას "რიყის დოქებს" და კურორტ ახტალას. ვალდებულებები არც ამ შემთხვევაში არის შესრულებული. Bm.ge ამ 2 ქონების ბედთან დაკავშირებითაც დაუკავშირდა როგორც ბიზნესმენს, ასევე სახელმწიფო უწყებებს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახალდება.
რაც შეეხება რაჭის ტყეებს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო. თუმცა, 2023 წლის ნოემბერში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. სახელმწიფომ მაშინაც თქვა, რომ კომპანიამ ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.