სახელმწიფომ შპს „გრანდ ტრანსპარკს“ აღნაგობის უფლებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 30 წლის ვადით გადასცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 4 ივნისს გამოსცა. წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად 21 440 ლარი განისაზღვრა.
საუბარია 21 750 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ #1-#12 შენობა-ნაგებობებზე. საკადასტრო რუკის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია და უძრავი ქონება საქართველო-თურქეთის საზღვართან, კარწახის გამშვებ პუნქტთან მდებარეობს.
რაც შეეხება პირობებს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გათვალისწინებულია უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება და არანაკლებ 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, კომპანიამ, რომელსაც სახელმწიფომ აღნიშნული ქონება გადასცა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა ჩადოს არანაკლებ 0,5 მლნ ლარის ინვესტიცია.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, "გრანდ ტრანსპარკი" 2024 წლის 17 აპრილსაა დარეგისტრირებული და მის 100%-იან წილს მარტინ არევიანი ფლობს.