მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

პაატა კოკაია

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს.

როგორც პაატა კოკაიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მთავრობამ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით უნდა უზრუნველყოს, რომ კურორტი მეზობელ და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტურისტებში კვლავ ცნობილი გახდეს.

მისი თქმით, კერძო სექტორი წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმების შესყიდვით და ადგილზე სასტუმროების განვითარებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაინტერესდეს, თუკი ეს მომგებიანი იქნება. „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ წყალტუბოში გასულ პერიოდში თავადაც იყვნენ სასტუმროს განვითარებით დაინტერესებული, თუმცა მშენებლობის გაძვირებული ხარჯებიდან გამომდინარე, გადაიფიქრეს.

“ჩვენ “ქუთაისი ინნ“ სადაც ავაშენეთ, მაშინაც სახელმწიფომ 50 ქონება, რომელიც სასტუმროების მოსაწყობად გამოდგებოდა და ერთ-ერთი იყო “ქუთაისი ინნ“. ნაგავსაყრელისგან ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია გადავაქციეთ ქუთაისში. ახალციხეც ასე იყო მიგდებული ტერიტორია, მანდაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან კარგი სასტუმროა. ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან კარგია და დროულია. თუმცა საქართველო ადრე მოიაზრებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჯანმრთელობის სახლად. დღეს კი ის ხალხი, ვინც წყალტუბოში დადიოდა, აღარც ერთი აღარ არის ცოცხალი. წყალტუბო მართლა მუშაობს, გადასარევია, აღარ არსებობს, ეს კავშირებიც აღარ არსებობს.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხა უნდა დახარჯოს სახელმწიფომ მისი პოპულარიზაციისთვის. დღეს, მაგალითად, წყალტუბოში არსებობს სასტუმროები, არასეზონზე ქუთაისის კონკურენტი, რომლებიც ცდილობენ რომ ჩვენ წაგვართვან ტურისტები და ხვალ ასე იქნება, თუ არ მოხდა წყალტუბოს პოპულარიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მისახედია. სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ეს თანხა და კერძო სექტორი თუ დაინახავს, რომ ეს მომგებიანია, რა თქმა უნდა, იყიდის [ყოფილ სანატორიუმებს]. წყალტუბო არის ულამაზესი ადგილი, მართლაც ჯანმრთელობის ადგილია. ჩვენ გვქონდა კიდეც გადაწყვეტილი ჩვენს არქიტექტორს წინასწარ თანხაც გადავუხადეთ რომ წყალტუბოში სასტუმრო გაგვეკეთებინა, თუმცა მერე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ გაზრდილია მშენებლობის, ექსპლუატაციის ხარჯები. დღესდღეობით, აუცილებლად პოპულარიზაცია სჭირდება ამ საკითხს და შემდეგ აუცილებლად იმუშავებს ეს”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

ცნობისთვის, წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314.013 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, დღგ-ის გარეშე. აუქციონები 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვე, ანუ 5 წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები