მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს ადგილზე რომ ვიყო, სუბსიდირების პროგრამას პირველ რიგში რაჭის რეგიონში შევცვლიდი - ვასილ მანაგაძე

რთველი

„სავსებით გაუგებარია ეს გადაწყვეტილება,“ - ასე ეხმაურება ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე, კახეთისგან განსხვავებით რაჭაში რთველის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას. მისი შეფასებითვე, იმ სქემას, რაც კახეთის შემთხვევაში მოქმედებს სუბსიდირებიდან გამოსვლასთან კავშირი არ აქვს და ამ გზით სახელმწიფო რეალურად სპირტის ნედლეულის ბაზრის მონოპოლისტად გვევლინება.

როგორც ცნობილია, წელს რთველის სუბსიდირების მოდელი კახეთის შემთხვევაში შეიცვალა და სახელმწიფო კომპანიებზე სუბსიდიას აღარ გასცემს, ჭარბ ყურძენს კი მოსავლის მართვის კომპანია იბარებს. რაჭაში კი არსებული სქემა შენარჩუნდა და წელსაც სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და ამაში კომპანიები მევენახეს არა ნაკლებ 8 ლარს გადაუხდიან. სახელმწიფო სუბსიდია 4 ლარის ოდენობით გაიცემა.

„სავსებით გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, რადგან როცა აფიშირება მიდის, რომ სუბსიდიის პროგრამიდან გამოდის სახელმწიფო, რაჭის მაგალითზე ფაქტია, რომ ასე არ არის. უფრო მეტიც, მე რომ სახელმწიფოს ადგილზე ვიყო, პირველ რიგში ამ პროგრამას რაჭის რეგიონში განვახორციელებდი, ვინაიდან უფრო პატარა რეგიონია და ამ პროგრამას, რაც კახეთში კეთდება დავტესტავდი რაჭაში. ასე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რაც კახეთში ხდება, სუბსიდიის პროგრამიდან გამოსვლასთან კავშირში არ არსებობს და აქ უფრო სხვა ინტერესია. სურათი ნათელია, რეალურად რაც კახეთში ხდება ეს არის სპირტის ნედლეულის მონოპოლიზაცია, რაც კეთდება სახელმწიფოს ხელით.

დღევანდელმა სქემამ, რაც კახეთში ხორციელდება სუბსიდიის ნაწილში, რეალურად გათიშა ძალიან ბევრი კერძო სექტორის მოთამაშე. დიდი ზომის ქარხნები მათ შორის ვეღარ ყიდულობენ ნედლეულს სპირტის გამოსახდელად. რეალურად მოხდა ამ კომპანიების ჩაჩოჩება, დარჩა ერთადერთი სახელმწიფო კომპანია, ვინც მთლიანად ყიდულობს ჭარბ ყურძენს და ზემოდან იმ ყურძენს, რომელიც ჭარბი არ იქნებოდა, თუ ეს პროგრამა შარშანდელივით განხორციელდებოდა. რეალურად ამასთან გვაქვს საქმე.

რეალურად აქ არის ის ინტერესი, რომ სახელმწიფო კომპანია ყიდულობს ნედლეულს, რომელიც იქნება რეალურად თავკომბალა, მთელი ეს ნედლეული მოექცევა სახელმწიფო კომპანიაში, იქცევა სპირტად და მერე როცა ეს პროდუქტი შეიქმნება, შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ ისარგებლებს ამ პროდუქციით.

ბოლო 3 წლის ისტორიით, რა შედეგებიც სახელმწიფო კომპანიამ გამოაქვეყნა ჩვენ ვხედავთ, რომ 40-50%-იანი დისკონტით ანუ საბაზროზე იაფად ყიდიან მიღებულ ნედლეულს, ამით კონკურენციას უწევენ კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებმაც გაზრდილი ფასით შეიძინეს ყურძენი და არც სუბსიდია მიუღიათ.

სახელმწიფო ხდება მოთამაშე, რადგან ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც შეუძლია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს თავისი პროდუქცია. ბოლო 3 წლის ისტორია გვაჩვენებს, რომ რეგულარულად ხდება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია, იმის მაგივრად რომ მთელი ეს ნაშთები წასულიყო კერძო სექტორში, ვინც კომერციით არის დაკავებული და ვინც ორიენტირებულია, რომ მოგება ნახონ, სანაცვლოდ მთელი ეს ნედლეული მიდის კომპანიაში, რომელსაც გაყიდვების შტო სრულიად განუვითარებელი აქვს ჯანსაღ კონკურენციაში. ყიდის იმაზე იაფად, ვიდრე ეს დაუჯდა. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც დღეს ხდება.

ისიცაა, რომ ფერმერებსაც წლიდან წლამდე ცრუ მოლოდინებს ვუქმნით, მას ჰგონია, რომ ქმნის პროდუქტს, რომელზედაც მოთხოვნა არის, სინამდვილეში ფაქტია, რომ არ არის. რადგან ყოველ წელს სახელმწიფო ერევა ფასის დოტაციაში, სუბსიდირებაში, ნედლეულის შესყიდვაში... შარშან საფერავის ყურძენიც შეიძინა, რომელიც არნახულია. რუსული ემბარგოს დროს არ უყიდია სახელმწიფოს საფერავი და წელს, როცა ექსპორტი 100 მლნ ბოთლს აჭარბებს და რეკორდულ მაჩვენებელზეა, საფერავის ჭარბი რაოდენობა არ უნდა იყოს ქვეყანაში, თუ შესაბამისი ხარისხის დაცვა ხდება, თუ არ ხდება სხვა კითხვებს აჩენს. რეალურად ფერმერისთვის ეს არაფერს ცვლის, ისევ რიგები, ღამის თევა, ხვეწნა, რომ ჩაიბარონ მათი ყურძენი“,-განაცხადა ვასილ მანაგაძემ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები