მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესასყიდად დამატებით ₾50 მილიონი სჭირდება | გამარტივებული შესყიდვა

რთველი

2026 წლის რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესასყიდად, „მოსავლის მართვის კომპანია“ დამატებით 50 მილიონი ლარის გამოყოფასა და ამ თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით დახარჯვას ითხოვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, აღნიშნული თანხა მოხმარდება იმ ყურძნის ჩაბარებასა და გადამუშავებას, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეისყიდის. სახელმწიფო კომპანიის განმარტებით, წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ზუსტად რა რაოდენობის ჭარბი მოსავალი დარჩება ბაზარზე.

ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული აქციების საპასუხოდ სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები დღეს 22 სექტემბერს შეცვალა.

16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. გამონაკლისის სახით კი 16 გრადუსამდე არაკონდიცირებული ყურძნის ფასი 50 თეთრი იქნება, ჰიბრიდი - 30 თეთრი. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ 2026 წლის მიმდინარე რთველის ორგანიზებისა და ყურძნის შესყიდვისთვის გამოყოფილი პირველადი თანხები საკმარისი არ არის.

შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკის, ასევე ტრანსპორტირების, სპირტად გამოხდისა და საბანკო მომსახურების მოცულობების განსაზღვრაც, რისი წინასწარ დაგეგმვაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, წინა წლების პრაქტიკით, სახელმწიფო 60-90 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას კერძო ქარხნების დაქირავებული სიმძლავრეებით ახორციელებს. ვინაიდან ამ ობიექტების მომზადება წინასწარ ავანსების გაცემას მოითხოვს, კომპანია ითხოვს, რომ ხელშეკრულებებზე არ გავრცელდეს საბანკო გარანტიების წარდგენის სავალდებულო წესი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ₾50-მილიონიანი შესყიდვები განხორციელდება შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ საკუთარი სახსრებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას არ გამოიწვევს.

აღსანიშნია, რომ კახეთში, მეორე დღეა მევენახეები ქარხნების მიერ 1 კგ ყურძნის 30 თეთრად ჩაბარებას აპროტესტებენ. დღეს, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და სოფელ ველისციხესთან გადაკეტეს. ისინი არაკონდიციური ყურძნის მინიმუმ 90 თეთრად ჩაბარებას ითხოვენ.

უნდა აღინიშნოს რომ ამ დრომდე მოსავლის მართვის კომპანიას 50 მილიონ ლარზე 1 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული 24 ივლისს.

2025 წელს სახელმწიფო კომპანიამ 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეკორდული 246 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შემდგომ სახელმწიფომ განსაზღვრა, რომ ყველა კატეგორიის ყურძენს ერთსა და იმავე ფასად აღარ ჩაიბარებდა და 2026 წლის რთველისთვის მევენახეებს დიფერენცირებული საზღაური შესთავაზა, რაც მათ ხარისხზე (შაქრიანობის შემცველობაზე) იყო მიბმული. სწორედ აღნიშნული მოთხოვნა გადაიხედა დღეს, თუმცა იქამდე სანამ ეს მოხდებოდა შესასყიდი ყურძნის ფასში ცვლილებები აგვისტოშიც შევიდა, რადგან თავდაპირველად მაღალკონდიციურ ყურძნად განსაზღვრული იყო შაქრიანობის 22%-ის შემცველობაზე მაღალი ყურძენი, რაც ჯერ 21%-მდე, დღეს კი 20%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები