სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება. საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში ახლებურად დარეგულირდება. კერძოდ, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.























