მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მიერ ყურძნის სხვადასხვა ფასად ჩაბარება კერძო კომპანიებისთვის თამაშის წესების დადგენას ემსახურება | ლევან მეხუზლა

ლევან მეხუზლა

სახელმწიფოს მიერ ყურძნის სხვადასხვა ფასად ჩაბარება ღვინის კერძო კომპანიებისთვის თამაშის წესების დადგენას ემსახურება - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მევენახემ მას ჰკითხა - როგორ აპირებს სახელმწიფო ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, როდესაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი ქარხნებში კონდიციური და არაკონდიციური ყურძნის წვენი ერთ ჭურჭელში თავსდება.

ლევან მეხუზლამ საპასუხო აღნიშნა, რომ სახელმწიფო ღვინის ბიზნესში როგორც კონკურენტი ისე არ შედის, თუმცა მის მიერ განსაზღვრული ფასი კერძო კომპანიებისთვის ერთგვარ „თამაშის წესებს“ ადგენს.

„სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან სპირტს ხდის და ეს არის მიზეზი, რატომაც ყველა სახის ყურძენი [სახელმწიფო კომპანიაში] ერთ გადამმუშავებელ ხაზში და ერთ ცისტერნაში იყრება. სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს, ეს მათ შორის ჩემი პრინციპული პოზიციაა - სახელმწიფო არ ერევა ღვინის ბიზნესში, მაქსიმალურად ცდილობს რომ არ ჩაერიოს, ყოველ შემთხვევაში როგორც კონკურენტი ღვინის ბიზნესში. ამიტომ ამ სქემის სოციალური ნაწილის ყურძნის ამოღების მიზანი იმ ნედლეულის - სპირტის შექმნაა, რომელიც გრძელვადიანი აქტივია არ ფუჭდება და ბრენდის სახით რეალიზდება.

ეს სხვადასხვა ფასად ჩაბარება ემსახურება თამაშის წესების დადგენას კერძო ღვინის საწარმოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი დადგენილი ფასები არაპირდაპირ რა თქმა უნდა მოქმედებს კერძო კომპანიებზე. კერძო კომპანიები წესით და რიგით და დარწმუნებული ვარ რომ ასეა უკვე უნდა არჩევდნენ - ხარისხიან, ადგილწარმოშობის მიხედვით ყურძენს სხვა სიმძლავრეებზე წურავდნენ და ის რაც განკუთვნილია ალაზნის ველებისთვის ან მათთვისაც საბრენდედ რა თქმა უნდა სხვა სიმძლავრეზე“, - განაცხადა მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მევენახის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მომავალ წელს რთველში ყურძნის ფასს ახლა ვერ დაასახელებს, რადგან ამ საკითხს სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წყვეტს.

ცნობისთვის, წელს მთავრობამ "რთველი 2026"-ის ფარგლებში სახელმწიფო კომპანიის მიერ ყურძნის დიფერენცირებული ფასით ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს. თავდაპირველად ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:

საფერავი:

  • კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი;
  • არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) - 0.90 ლარი;
  • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული - 0.30 ლარი.

სხვა ჯიშები:

  • დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) - 1.30 ლარი;
  • შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე - 0.80 ლარი;
  • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი - 0.30 ლარი.

21-22 სექტემბერს კახეთში, მევენახეებმა ყურძნის 30 თეთრად ჩაბარება გააპროტესტეს და გზები გადაკეტეს, რის საპასუხოდაც ხელისუფლებამ შაქრიანობის ზღვრის დაწევისა და ფასის მცირედით მომატების გადაწყვეტილება მიიღო.

განხორციელებული ცვლილებით:

  • მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად 21%-ს ზემოთ მყოფი ყურძენი ითვლებოდა)
  • 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად რქაწითელის ჯიშზე შაქრიანობის მინიმუმ 20% იყო განსაზღვრული.)

დაბალკონდიციური ყურძენი:

  • 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით დაბალკონდიცირებული ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 17% უნდა ყოფილიყო, ხოლო ფასი 90 თეთრი, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა).
  • 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი; (აქამდე მოქმედი წესით მინიმალური შაქრიანობა 17%-ზე იყო განსაზღვრული, ხოლო შესასყიდი ფასი 80 თეთრზე, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა.)
  • 16 გრადუსზე დაბლა მყოფი ყურძნისთვის - ფასი კილოგრამზე 50 თეთრი (აქამდე მოქმედი წესით აღნიშნული ზღვარი იყო 17%, ხოლო ფასი 30 თეთრი, შესაბამისად ფასი 20 თეთრით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნა შაქრიანობის ერთი პროცენტული საფეხურით დაბლა ჩამოვიდა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები