მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“ - ჯაბა ფუტკარაძე „ბათუმი აილენდის“ პროექტზე

64ae861f8c590
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 16:30
2480

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 23 ივნისს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. იმ დროისთვის კომპანიის იურისტი განმარტავდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია მარტივად შესასრულებელი იყო და კომპანია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის დამატებითი დოკუმენტაციის გადაცემისთვის მზად იყო.

აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე დღეს BM.GE-მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა - ხომ არ შეფერხდება პროექტის განხორციელება, რაზეც ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

„სახელმწიფოს მხრიდან, არც ერთ პროექტს, განსაკუთრებით ბიუროკრატიის ჭრილში რაიმე ტიპის დაბრკოლება არ ექმნება. ჩვენ მაქსიმალურად მოტივირებული და მობილიზებულები ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ისეთ პროექტს, როგორიც „ბათუმი აილენდია“. ხელოვნური კუნძული იქნება ახალი სიტყვა, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

BM.GE პროექტის ინვესტორ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დაუკავშირდა და დაინტერესდა - თუ წარადგინა გარემოს დაცვის სააგენტოში კომპანიამ მოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაცია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უწყების მიერ „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უმოკლეს პერიოდში გადაუგზავნეს. მათი ინფორმაციით, 13 ივლისს ბათუმის მერიაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები