საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფკავშირი სახელმწიფო უწყებამ რეგისტრაციაში არ გაატარა. ორგანიზაციამ "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი" საჯარო სექტორში დასაქმებული იმ ადამიანების უფლებები უნდა დაიცვას, ვისაც პარტიული ზეწოლის გამო, შესაძლოა, სამსახურში პრობლემა შეექმნათ.
როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე, გიგა სოფრომაძე, "საქმიან დილასთან" განმარტავს, დოკუმენტაციაზე, რომელიც ორგანიზაციამ საჯარო რეესტრს წარუდგინა, იმ პირებმა იმუშავეს, ვინც თავად ადგენენ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურულ ჩარჩოს, თუმცა თავად უწყება საქმეს სხვადასხვა მიზეზით აჭიანურებს.
"გვიჩერებენ რეგისტრაციას და წარმოება საერთოდ შეწყვიტეს. მიზეზები არ ილევა, რამდენიმეგვერდიან დოკუმენტში სულ შეუძლიათ, ხარვეზები მოძებნონ და ჩვენ უნდა ვიდაოთ, იყო თუ არა ხარვეზი, რასაც თავისი დრო სჭირდება. შემდეგ, ან დაგვეთანხმებიან, ან - არა. მერე უნდა წავიდეთ სასამართლოში და ეს პროცესები გრძელდება უსასრულოდ. ამ მიმართულებით მუშაობს დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენთან მუშაობენ იმ სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც თავად იყვნენ და არიან მსგავსი ორგანიზაციების მარეგისტრირებლები და მათვე შეიმუშავეს წარსადგენი დოკუმენტაციის დადგენილი პროცედურები. ამასთან, უკვე დარეგისტრირებული პროფკავშირების დოკუმენტაციებიც შესწავლილი გვაქვს.
მოგვთხოვეს კრების ოქმი, რომელიც სხვა შემთხვევაში არავისთან ყოფილა მოთხოვნილი და უკვე აღარც მოითხოვება. წარვადგინეთ ეს დოკუმენტიც და განხილვები შინაარსობრივ ნაწილზე დაიწყო. რეალურად, ეს ფორმალური ნაწილია, რომელსაც საქმის გაჭიანურებისთვის იყენებენ", - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად მუშაობა გრძელდება, რათა "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უშუალო ქმედებაზე გადავიდეს და, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებები დაიცვას.
"ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, სამართლებრივი კუთხით ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბერკეტები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, სანამ მათშიც შეიტანენ ცვლილებებს. პროფკავშირების რეგისტრაციაში არ მიღება ხელს უშლის პროექტებზე მუშაობას, კოლექტიური დავების დაწყებას და გაფიცვებს, რისიც დღეს ყველაზე მეტად ეშინიათ. სახელმწიფოს მმართველ პირების უდიდესი შიში ახლა ის არის, საჯარო სამსახურში არ დაიწყოს გაფიცვების შეუქცევადი პროცესი, რისი ნიშანიც საჯარო სამსახურში, საბედნიეროდ, უკვე არის. ეს რეპრესიები და ნეგატიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველდღე მიიღება და ანონსდება ოცნების მაღალჩინოსნებისგან, საჯარო მოხელეებში შიშისა და უსამართლობის განცდას იწვევს", - ამბობს გიგა სოფრომაძე.
პროფკავშირების კიდევ ერთი მიზანი, თავმჯდომარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში იმ რეპრესიული ცვლილებების გასაჩივრებაა, რომლებიც გასულ წელს საჯარო სამსახურთან დაკავშირებით კანონში შევიდა.
გიგა სოფრომაძე BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ყველა ჯგუფის მმართველობა ერთი ჯგუფის ქვეშ მოექცევა, საზოგადოება ქვეყანაზე მართვის მექანიზმს დაკარგავს.
"ქვეყნის სისტემური მართვის საერთო მოშლა დაიწყო. ეს საჯარო მოხელეებმა თავიდანვე დავინახეთ, პირველივე ცვლილებებიდან, რომლებიც კანონში შევიდა და აუარესებდა ცალკეული ჯგუფების მდგომარეობას. პირველი დარტყმა სასამართლოზე მიიტანეს და ხელში ჩაიგდეს სასამართლო ხელისუფლება. შემდეგ იყო არასამთავრობო სექტორი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე პროცესებზე. ბოლოს უკვე ჩვენ, საჯარო მოსამსახურეები. ეს სექტორები თუ ჩავარდება ერთი ჯგუფის უპირობო მმართველობის ქვეშ, საზოგადოებას წაერთმევა ქვეყნის მართვის კონტროლის მექანიზმები", - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
2024 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა ხელი მოაწერეს საერთო განცხადებას, რომლითაც "ქართული ოცნების" EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, საჯარო უწყებებიდან "რეორგანიზაციის" საბაბით განცხადებაზე ხელმომწერ პირებს ათავისუფლებენ. გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი იყო, სამსახურიდან 26 დეკემბერს დაითხოვეს.