ტურიზმის კუთხით ისრაელი საქართველოსთვის TOP-ქვეყნების ხუთეულშია, საიდანაც მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტი შესრულდა.
ოფიციალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2022 წლის განმავლობაში ისრაელელი ვიზიტორების მიერ ჩვენს ქვეყანაში სულ 210 178 ვიზიტი შესრულდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 108.7%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის რიცხვებს 2.5%-ით. 2023 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 106 530-ს უკვე აღწევს. ეს რიცხვი 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 26%-ით, ხოლო 2019 წლისას 38.1%-ით აღემატება.
რა მოლოდინებია ომის ფონზე ტურიზმში და როგორ აისახება ისრაელში შექმნილი ვითარება სხვა მიმართულებებზე - ამ კითხვებზე BM.GE-ს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილმა უპასუხა.
მისი თქმით ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო ტურიზმის სექტორში ცუდი მოლოდინები აქვთ და სტუმარმასპინძლობის სექტორზე პირდაპირი დარტყმა ექნება.
“ისრაელის მიმართულებიდან ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობის მაქსიმალური შეზღუდვა მოხდება. ამ ეტაპზე ქვეყნიდან გამოსვლას არავინ ფიქრობს და არავინ განიხილავს. ეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყანას ბოლომდე დაიცავს. რაც შეეხება სტუმარმასპინძლობის ბიზნესს, ეს პირდაპირი დარტყმა იქნება საქართველოსთვის. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ეს ვითარება მხოლოდ ისრაელს არ შეეხება და ამას, სავარაუდოდ, გალფის ქვეყნებიდან შემცირებაც მოჰყვება, ამიტომ, სასწრაფოდ სახელმწიფოსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ გამოსავალზე, უნდა გადავეწყოთ სხვა მიმართულებებზე.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორმა სწორება არატრადიციულ ბაზრებზე უნდა გააკეთოს.
“ ჩინეთთან ვიზების გაუქმება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ჩინეთი ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა და იქიდან მასიურად ტურისტების წამოსვლა ჯერ არ მოხდება და ეს არც განიხილება. ახლა მიდის საქართველოზე დაკვირვების პერიოდი. შეიძლება ტურისტების რაოდენობა ცოტა გაიზარდოს, თუმცა ის რაოდენობა ვერ შეცვლის ისრაელის და გალფის ქვეყნებიდან წამოსული ვიზიტორების წილს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ახალი, არატრადიციული ბაზრები, საიდანაც მოხდება შემოდინება ტურისტების. ეს შეიძლება იყოს ტაილანდიც, სადაც ახლა იწყება მოგზაურობის სეზონი და თავისუფლად შეიძლება იქიდან ტურისტების წამოყვანა. მათთვის საქართველო პოპულარული მიმართულებაა. ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვმსჯელობდეთ გამოსავალზე, როგორ შევავსოთ არასეზონზე ტურიზმის სექტორი,“- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.