მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახლის ტექსტილის ბრენდმა "ზეზეწარი" სამოსის ხაზი დაამატა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

ზეზეწარი

სახლის ტექსტილის ქართულმა ბრენდმა „ზეზეწარი“ ახალი მიმართულება დაამატა - კომპანიამ ბრენდ david’s road-თან კოლაბორაციით სამოსის საკუთარი ხაზი გამოუშვა. ამის შესახებ "ზეზეწარის" დამფუძნებელმა, მარიკელა ახვლედიანმა BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა.

ახვლედიანის თქმით, სამოსის ხაზის შექმნის იდეა კომფორტისა და მრავალფუნქციურობის გაერთიანებას უკავშირდება. სამოსი, რომელიც სამიზნე მომხმარებელს ერთნაირად შეეფერება სახლშიც, გარეთაც და მოგზაურობისასაც.

„david’s road-თან კოლაბორაციით შევქმენით პროდუქტი, რომელიც არის კომფორტული და პრაქტიკული. ერთი კვირის წინ ახალი მიმართულების პრეზენტაცია გვქონდა და ვფიქრობ, რომ შედეგი მართლაც საინტერესო გამოვიდა. შევქმენით 5 პროდუქტი - შარვლები, პერანგები, კაბები, კიმონო ხალათები. ჩვენი ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ადამიანმა იპოვოს ზუსტად ის სამოსი, რომელიც ძალიან კომფორტული იქნება სახლში, გარეთ და დასასვენებლად. ასეთი პროდუქტის პოვნა დღეს ბაზარზე გამოწვევაა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

მარიკელა ახვლედიანის თქმით, პირველ ეტაპზე, გამოშვებულია შეზღუდული რაოდენობის „კაფსულა“, რომლის შეძენა „ზეზეწარის“ "შოურუმში", სოციალურ ქსელებში და ახლად ამოქმედებულ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელთა მხრიდან ახალი ხაზი დადებითად შეფასდა და ბრენდი უკვე მუშაობს მომავალ კოლაბორაციებზე, რომელთა პრეზენტაციაც 2026 წელს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ „ზეზეწარმა“ რებრენდინგიც განახორციელა. ახვლედიანის თქმით, განახლებული იდენტობა ემსახურება იდეას, რომ ბრენდი ასახავს სახლს, როგორც „ჯადოსნურ, მშვიდ გარემოს“, სადაც მომხმარებელი ყოველდღიური ქაოსის შემდეგ სიმშვიდეს პოულობს. რებრენდინგის პროცესში კომპანიას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი დაეხმარა.

სახლის ტექსტილის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ზეზეწარი“ საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ზეწრებს, პირსახოცებს, პიჟამასა და თეთრეულის ნაირსახეობას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები