საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვის მდგომარეობით სექტორში ტვირთბრუნვის კლებაა. ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ნემსაძის თქმით, ქართველი გადამზიდავებისთვის სტრატეგიული მიმართულებებიდან შემცირება განსაკუთრებით რუსეთის, ჩინეთის და შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის ნაწილში ფიქსირდება.
“ქართველი გადამზიდავებისთვის არსებული სტრატეგიული მიმართულებებიდან, თურქეთი, საქართველო და ამიერკავკასიის ქვეყნებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, არც კლების და არც ზრდის მიმართულებით. კლება შეიმჩნევა ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ვგულისხმობ რუსეთის, ჩინეთის და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
ჩინეთიდან გამოგზავნილ ტვირთებს რაც შეეხება, აქ მთავარ მიზეზად უნდა დავასახელოთ, რომ საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით სიტუაციის დასტაბილურებამ შეამცირა დაწოლა და მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზე, თანაც სახმელეთო გადაზიდვებმა ვერ უზრუნველყო იმ მოცულობის ტვირთების იმ ვადებში გადაზიდვა, რისი მოლოდინიც ჰქონდათ დამკვეთებს, ამას კიდევ თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის საზღვრებზე არსებული მდგომარეობები. მაგალითად აზერბაიჯანი-ყაზახეთის საბორნე გადაზიდვის მონაკვეთი ისევ რჩება საცობად დროის თვალსაზრისით, ასევე მძიმე მდგომარეობაა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომელიც ამ მიმართულებაზე მიბმულია, ასევე მიზეზად უნდა დავასახელოთ საქართველოში საპორტო-სატერმინალო მომსახურების მაღალი ტარიფები, რაც აიძულებს სავარაუდოდ დამკვეთებს მოძებნონ ალტერნატიული გზები.
ვფიქრობ, მანამდე არსებული ზრდა იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა გზები სხვადასხვა ფაქტორების გამო ჩაიკეტა და უწევდათ ჩვენი ტრანზიტით სარგებლობა, ახლა კი შეიმჩნევა მცდელობა, რომ გვერდი აგვიარონ და მოძებნონ ალტერნატიული გზები, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ.
რაც შეეხება ევროპის მიმართულებას, ის მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუ არ ჩავთვლით სეზონურ გარემოებას, რადგან ზაფხული ევროპაში შედარებით პასიური ბიზნესაქტივობით გამოირჩევა.
ჯამურად სექტორში მცირედი კლებაა, არა დრამატული, მაგრამ მცირედი კლებაა. ეს თავის მხრივ საგანგაშოა, ვინაიდან მცირედი კლებაც სიგნალია, რაც გვაძლევს განგაშის საფუძველს, რათა დავადგინოთ კლების ზუსტი მიზეზები და ვიზრუნოთ იყოს პერიოდი ზრდა და არა სტაგნაცია”,-აცხადებს ირაკლი ნემსაძე.




























