"საკითხის მიმართ მიდგომა არ მგონია სწორი", - ასე აფასებს ცხოველთა უფლებადამცველი ნინიშა ჩლაიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით გამოცხადებულ სამწლიან მორატორიუმს.
როგორც ჩლაიძე აღნიშნავს, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩა კანონში ჩამოთვლილი ძაღლების ჯიშები. მისი თქმით, ჰიპერპოპულაციის პრობლემა განსაკუთრებით მონადირე ჯიშებშია, ხოლო ზოგიერთი ჯიში, რომელიც ნუსხაში მოხვდა, მაგალითად ამერიკული ბული, ბუნებრივად აგრესიულად საერთოდ არ მიიჩნევა.
„ცოტა გაუგებარია ამ კანონში რას ვერჩით კონკრეტულად ამ ძაღლის ჯიშებს. მე თუ მკითხავთ, ჰიპერპოპულაცია ყველაზე მეტად მონადირე ჯიშებშია. რა ნიშნით შეირჩა ეს ძაღლები და როგორ ხდება ამ ჯიშის ძაღლების სტიგმატიზაცია, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მაგალითად, ნუსხაშია ამერიკული ბული, რომელიც საერთოდ არ არის აგრესიული ძაღლი“, - განაცხადა ჩლაიძემ.
მისი შეფასებით, ზოგადად „აგრესიული ძაღლის“ სტიგმატიზაცია და დემონიზება არასწორი მიდგომაა, რადგან ძაღლის ქცევა დიდწილად გენეტიკაზე და გარემო პირობებზეა დამოკიდებული.
„თუკი ძაღლი არის სწორი გენეტიკის და მას არ აქვს მაღალი აგრესიის კოდი, მაშინ აგრესიის გამოვლენის ალბათობა მინიმუმამდე დადის. თუმცა, ისეთი უწყინარი ჯიშის ძაღლის, როგორიც ლაბრადორია, არასწორი წესით შეჯვარების ან არასათანადო გარემოში გაზრდის შემთხვევაში, ისიც კი შეიძლება აგრესიული გახდეს“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.
მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში აუცილებელია ძაღლსაშენების რეგულირება და კონტროლი : „აქ პირველ რიგში დასარეგულირებელია ძაღლსაშენები - რა პირობებში ხდება ამ ძაღლების მოშენება, ვიცით თუ არა მათი გენეტიკა, წინაპრები რა დაავადებებს ატარებდნენ, როგორი აგრესიის კოდი ჰქონდათ და ა.შ. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. შემდეგ კი მნიშვნელოვანია, რამდენად სწორ პირობებში იზრდება ძაღლი მისი ჯიშის შესაბამის გარემოში“, - განმარტავს ჩლაიძე.
მისი აზრით, მხოლოდ კონკრეტული ჯიშების შეზღუდვა პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ სხვა ჯიშების უკონტროლო შეჯვარება გაგრძელდება.
„თუ კონკრეტული ჯიშები ავკრძალეთ და პარალელურად, კოკერსპანიელების, ლაბრადორების თუ სხვა ჯიშების უკონტროლო შეჯვარება გაგრძელდა, მაშინ რა შედეგს მივიღებთ? ქვეყანაში ისედაც ძალიან დიდი პოპულაციაა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მირჩევნია გარკვეული პერიოდით ყველა ჯიშის პოპულაცია შეჩერდეს“, - აცხადებს ის.
ცხოველთა უფლებადამცველი ასევე მიუთითებს, რომ აუცილებელია ძაღლების შენახვის პირობებზე კონტროლის გამკაცრება, რადგან ცხოველზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტროლი გამკაცრდეს ძაღლების შენახვის პირობებზე. ცხოველზე ძალადობა მხოლოდ ცემა-ტყეპა არ არის - აუცილებელია ჯიშის შესაბამისი პირობების შექმნა“, - ამბობს ჩლაიძე.
რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას, მისი შეფასებით, არსებული სისტემა ჯერ კიდევ არაეფექტიანია, რადგან ცხოველების პოპულაცია კვლავ იზრდება. თუმცა ჩლაიძე მიიჩნევს, რომ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის გამკაცრება აუცილებელია.
„ფაქტია, რომ პროგრამა ჯერჯერობით ეფექტიანი არ არის, რადგან ცხოველების პოპულაცია მზარდია. თუმცა მივესალმები უფრო აქტიურ, "აგრესიულ" სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას. ასევე, ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ჯიშიანი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის საკითხიც“, - განაცხადა ნინიშა ჩლაიძემ.




























