პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამ წუთებში ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება. როგორც BM.GE-სთან საუბრისას „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ განაცხადა, კომპანიები პრემიერს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გააცნობენ.
„დღეს სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი თემები წყდება. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სავალდებულო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაა.
ასევე, სადაზღვევო ინდუსტიის მოგების გადასახადიდან გათავისუფლების საკითხი ჩვენთვის მნიშნელოვანია. ეს საკითხი გიორგი ქოუბულიასთან დავაყენეთ, რომელმაც გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიიღო და დარწმუნებული ვარ ნათია თურნავას სწრაფი და ეფექტური მმართველობა იმის ერთ-ერთი გარანტი იქნება, რომ პრობლემა დროულად მოგვარდება“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორი ყველა ტრიბუნიდან ცდილობს მთავრობას ხმა მიაწვდინოს.
„კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა დღეს მინისტრის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიკური ახალი ხედვის მოსმენა საინტერესოა, რომ რეალურად გავიგოთ საით მივდივართ და პროცესებზე შევთანხმდეთ“ - განმარტა ნინა კობახიძემ.

























