მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა ამბობს, რომ პარაზიტი ტკიპა ტროპილელაფსის მართვის მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში მუფუტკრეობის დარგის გამოწვევად იქცა, პრეპარატებმა კარგი შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ტროპილელაფსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის როგორც მეფუტკრეობის დარგს, ისე საქართველოში მობინადრე მეთაფლე ფუტკრის ენდემურ ქვესახეობას. როგორც ალეკო პაპავამ bm.ge-სთან აღნიშნა, ამჟამად ტროპილელაფსი ძირითადად გავრცელებულია იმერეთში, გურიაში, აჭარაში და სამეგრელოში.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ პარაზიტი მთელ საქართველოში გავრცელდება. ალეკო პაპავა აღნიშნავს, რომ გაერთიანება მეფუტკრეებს ტროპილელაფსთან ბრძოლის გზებს ასწავლის და არსებული მიდგომები წარმატებულია.
"ოფიციალურად 2023 წლის გაზაფხულზე დავაფიქსირეთ, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში 2022 წლიდან უკვე შემოსული იყო. ტროპილელაფსი აფხაზეთიდან შემოვიდა, სადაც სოჭის გავლით შევიდა.
ტროპილელაფსი მთელ საქართველოში გავრცელდება და რეგიონებშიც გადავა, როგორც ჩვენთან გადმოვიდა. ჩვენ მეფუტკრეებს ვასწავლით როგორ ებრძოლონ მავნებელს. მიდის პრეპარატების გამოცდა და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი შედეგი დადო პრეპარატებმა. ამას ცოტა დრო სჭირდება მაინც, მაგრამ ზოგადად ის მეთოდები, რითაც ვსარგებლობთ ჯერჯერობით წარმატებულია და ვნახოთ, შემდგომ კიდევ როგორ იქნება. ისეთ მეთოდებს ვნერგავთ ტროპილელაფსის წინააღმდეგ, რომელიც ბიომეფუტკრეობაშია მიღებული. ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში მთლიანად საქართველოს მეფუტკრეობა ბიო მეთოდებზე გადავიყვანოთ, რაც უფრო ეფექტურია", - აცხადებს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ტროპილელაფსი იყო. bm.ge დაინტერესდა, როგორია სახელმწიფოს ჩართულობა გამოწვევის გადაჭრაში. ალეკო პაპავას თქმით, შეხვედრები და საკითხზე მაქსიმალური ინფორმირება პოზიტიურია, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მეფუტკრეები მეტ გამოცდილებას ფლობენ, რომელსაც პრაქტიკულად იძენენ.
"მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან სამუშაო ჯგუფებიც შეიქმნა ტროპილელაფსთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში უფრო მეტი გამოცდილება ჩვენ - მეფუტკრეებს გვაქვს, იმიტომ რომ ამ დაავადებებთან შეხება ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს. კარგია ეს შეხვედრები რომ იმართება, ამით მოსახლეობის ინფორმირებაც ხდება. მხოლოდ ჩვენთან ტროპილელაფსთან დაკავშირებით დღეში მინიმუმ 10-15 ზარი მაინც შემოდის და ვიძლევით რჩევებს, ასევე ვმართავთ ტრენინგებს, მეფუტკრეებთან შეხვედრებს", - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
მან ასევე ისაუბრა მეფუტკრეობის სხვა გამოწვევებზეც, რომელთა შორის ერთ-ერთი განათლებაა. მისივე თქმით, საჭიროა კვლევები და სწორედ ამ მიმართულებით ხედავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეტი ჩართულობის საჭიროებას.
"პირველი, ეს არის განათლება. აუცილებელია მეფუტკრეთა შეხვედრები, ტრენინგები და ეს საინფორმაციო ველი უნდა გაიზარდოს. მეორე, აუცილებელი რაც არის, ეს არის მთა-ბარობის მოწესრიგება და თაფლოვანი მცენარეების ბაზა, ანუ თაფლის რაოდენობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის არსებულ ბაზაზე. წელს მაგალითად, ვფიქრობდით, რომ მეტ აკაციის თაფლს მივიღებდით, მაგრამ ვერ მივიღეთ, იმიტომ, რომ კლიმატური პირობები გაუარესდა. ამას გლობალური დათბობა იწვევს და კლიმატი ზოგადად შეიცვალა, მცენარეების ყვავილობის ფაზებიც კი შეიცვალა. აქ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეტი ჩართულობაა საჭირო, რომ ამ ანომალიების სტატისტიკის წარმოება მოხდეს და შესაბამისად, მერე რაღაცა გაფრთხილებებიც კი გვექნება, როგორ და რა არის მოსალოდნელი. ასევე, გვჭირდება კვლევების წარმოება თაფლთან დაკავშირებით", - თქვა ალეკო პაპავამ.




























