მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა პრემიერს, რაც ძალიან მომეწონა - "ნოვას" დამფუძნებელი

ზვიად აბულაძე

"ნოვას" დამფუძნებელი ზვიად აბულაძე ამბობს, რომ მთავარ გამოწვევას პროფესიონალი კადრების დეფიციტი წარმოადგენს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული ეკონომიკური პარამეტრები ძალიან კარგია.

"კადრების კუთხით ძალიან სიმცირეს განიცდის ბიზნესი. საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა პრემიერს, რაც ძალიან მომეწონა და ყველაზე მთავარი რაცაა, სახელმწიფოს მიდგომა ამ ყველაფრის მიმართ არის ადეკვატური.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ძალიან კარგია და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. ზრდა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი, ევროპაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა ეს ტენდენცია, რომ შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ, ამისთვის ამ გამოწვევებს ადეკვატური, დროული პასუხები სჭირდება. ბოლო ოთხი წლის ჭრილში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9,4%-ით იზრდება, რაც ძალიან მაღალია. ეს იმის ხარჯზე, რომ ვითარდება ბიზნესი და რა თქმა უნდა, გარშემო პოლიტიკურმა სიტუაციამაც გამოიწვია. მოსალოდნელი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 7% დააანონსა EBRD-მა და ეს ძალიან კარგია, რომ ამხელა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამას ამბობს. მე მგონი, რომ 7%-ით კი არა, 8%-ითაც გაიზრდება.

ზოგადად, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე ბიზნესისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი. ეს ცალსახად არის, ამას ნებისმიერ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთვის. პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვერ გავაკეთებ... ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას შეეხება ზოგადად",- ამბობს ბიზნესმენი.

ამასთან, ის თავს არიდებს კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების ბიზნესზე გავლენასთან დაკავშირებით.

"მე არ ვიცი ახლა, ვისი სანქცირების მოლოდინი არსებობს... მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ბიზნესმენი. ნებისმიერი, თუნდაც ჩემი სანქცირების მოლოდინიც თუ არის, ეს არის ჩემი ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის ცუდი. არ არის ეს კარგი, მაგას გიდასტურებთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ბიზნესმენი, დამისვით ბიზნეს შეკითხვა",- თქვა ზვიად აბულაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება საკითხს, ბანკების მხრიდან ბიზნესის დაკრედიტების ტენდენციებზე, ის ამბობს, რომ ბიზნესის დაფინანსების პრობლემა არ დგას.

"ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სფერო, ჩვენი ქვეყნის და წარმატებული სფერო არის ბანკები, მათ შორის, ორი უძლიერესი ბანკი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, როგორც იცით, გასულია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის გარეთ აკრედიტებს ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს. ასე რომ, ამ მხრივ, თუ, მაგალითად, 15-20 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, მათ შორის, იყო ფინანსებზე წვდომა, დღეს ნებისმიერი ბიზნეს გეგმა, რომელიც არის ჩარჩოებში და ლოგიკური, თავისი ლოგიკური გამოსავლებიდან გამომდინარე, ხვალ იქნება შედეგიანი, ამის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არ არის",- თქვა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები