საკონსტიტუციო სასამართლომ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციას" და "საქართველოს ბანკების ასოციაციას" საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის განხილვაზე უარი უთხრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სამოტივაციო წერილში განმარტებულია, რომ "კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი'.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად" .
"წარმოდგენილ სარჩელში სადავო ნორმას სწორედ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმა წარმოადგენს, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, არ წარმოადგენს დამოუკიდებელი მსჯელობის საგანს და მასზე მსჯელობა უნდა მოხდეს მისი, როგორც ძირითადი კანონის არსებით და განუყოფელ ნაწილზე",- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" და "საქართველოს ბანკების ასოციაციამ" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის 11 ივლისს შეიტანეს.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადავო ნორმით განხორციელებულ ცვლილებამდე, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებდა უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მფლობელობის აღკვეთის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
"აღნიშნული წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს. უძრავი ნივთის მესაკუთრეს შეეძლო მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის და მყისიერად აღედგინა მფლობელობა თავის კუთვნილ ქონებაზე. საკუთრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობა არ საჭიროებდა ხანგრძლივ სასამართლო დავებსა და სააღსრულებო პროცედურებში ჩაბმას.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილებით მოხდა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში უხეში და გაუმართლებელი ჩარევა. კანონმდებელმა უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრის ინტერესებზე წინ დააყენა არამართლზომიერი მფლობელის ინტერესები. საკუთრების უფლების შეზღუდვა მოხდა ლეგიტიმური მიზნის გარეშე, რადგან არ არსებობს უკანონო მფლობელობის დაცვის საჯარო ინტერესი",- აღნიშნული იყო მოდავეების სარჩელში.

























