მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციომ "აიდიეს ბორჯომის" სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო

5bd300249f085
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.18 16:07
1284
საკონსტიტუციო სასამართლომ „აიდიეს ბორჯომის” სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო. საუბარია არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების საკითხზე.

კომპანია სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო ნორმების (ქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი) მიზანია, გადასახადების ეფექტური ადმინისტრირება, აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვა. თუმცა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ მიზნების მისაღწევად შესაძლოა როგორც საკუთრების, ასევე თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა.

კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სავალდებულო მარკირების მოდელი ხასიათდება კორუფციული ნიშნებით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებას და იმავე მიზნის მიღწევა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი. კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ან არასწორი მარკირების რისკი დიდია.

მოსარჩელე მხარის პოზიციითვე, სადავო ნორმები იწვევს საკუთრების უფლების იმაზე მეტი ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
თუმცა, აღნიშნული არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ და კომპანიის სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ არსებითად აღარ განიხილა.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო მარკირების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა მწარმოებლებმაც გაასაჩივრეს და უწყებამ არც ისინი დააკმაყოფილა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიას“ და „სს წყალი მარგებლის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“ .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები