მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის ბაზრის რეგულირების უფლება შეუზღუდა

5c13f1c60ec4c
BM.GE
14.12.18 22:07
7977

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ქვეყნის კერძო დაცვის ბაზრისთვის ერთერთი გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ სსიპ დაცვის პოლიციას დაცვის ბაზრის მარეგულირებლის ფუნქცია შეუზღუდა. სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 30 ივნისისთვის დაცვის ბაზრის ახალი მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება დაავალა. სწორედ ამ დღეს გაუქრება იურიდიული ძალა დღეს არსებულ ნორმებს. ცვლილება დაცვის პოლიციის მიერ კერძო პირებისთვის სერვისის მიწოდებასაც შეეხება. 

მოსარჩელეები, შპს "ტიგონისი" და შპს “გიგანტი” მიუთითებდნენ, რომ დაცვის პოლიციის დღემდე არსებული იურიდიული ფორმა თავის თავში პირდაპირ ოიცავდა ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პრინციპის დარღვევას, რადგანაც, დაცვის პოლიცია ერთდროულად კერძო დაცვის სერვისის მიმწოდებელიც და დაცვის კერძო კომპანიების რეგულატორიც იყო.

მათ მიერ 2016 წლის 6 აპრილს შეტანილი სარჩელის მიხედვით, დცვის პოლიცია სავარაუდოდ საკუთარი საბაზრო პოზიციების სენარჩუნების მიზნით, კერძო ფირმებს არაპროპორციულ სანქციებს აკისრებდა, რითიც ბაზრიდან მათ ჩამოშორებას ცდილობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ აისახება დაცვის პოლიციაზე, რომელიც ამჟამად სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს იცავს. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, უწყება საქართველოში ერთერთი ყველაზე მდიდარი სსიპ-ია და მისი ბრუნვა 126 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან 10 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტის პირდაპირი დაფინანსებაა, ხოლო 116 მილიონი ლარი კი არის ის თანხა, რასაც ამ სერვისის მიწოდებაში დაცვის პოლიციას საჯარო და კერძო სტრუქტურები უხდიდნენ.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დაცვითი საქმიანობის ბაზარზე და ამ მომსახურების მომხმარებლებზე. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ერთდროულად ახორციელებს დაცვითი საქმიანობის კონტროლს, იღებს ინფორმაციას მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე და ამავე ბაზარზე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. გადაწყვეტილებით არ გამოირიცხება ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ დაცვითი საქმიანობისა და ამ სფეროზე კონტროლის განხორციელება იმ პირობით, რომ დაცული იქნება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლების მოთხოვნები და იარსებებს უფლების ბოროტად გამოყენების გზით კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვისგან დაცვის გარანტიები. შესაბამისად, კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა საკითხი მოაწესრიგოს კონსტიტუციის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2019 წლის 30 ივნისიდან,"- წერია გადაწყვეტილებაში.

დაცვის პოლიციის ბუნდოვან იურიდიულ სტატუსზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოც მიუთითებდა.  სააგენტოს დასკვნის თანახმად, საქართველოში დღეს არსებული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ორმაგი ფუნქციის მინიჭებას, წარმოადგენს გადახვევას კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის პრინციპიდან და ბაზრის მონაწილეებს უქმნის განცდას, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მარეგულირებელ ფუნქციას შესაძლოა იყენებდეს კონკურენტების საზიანოდ, რაც უარყოფითად აისახება კერძო დაცვის მომსახურების ბაზრის ფუნქციონირებაზე.

 


საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმატიული აქტების ტექსტი ასეთია:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

საქართველოში კერძო დაცვის კომპანიებსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის კონკურენციას შესაძლებლობას გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სწორედ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის ზედამხედველობის ინსტიტუტი, რომელიც გასცემს ლიცენზიებს კერძო დაცვის კომპანიებზე და შემდგომში აკონტროლებს მათ შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდა დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა. ხსენებული მას ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი პირის/ორგანოს მიერ კონკურენტის კომერციულ ინფორმაციაზე წვდომას. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და მოპასუხეებს განუსაზღვრა ვადა საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად მოსაწესრიგებლად.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები