საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების (2018 წლის 7 დეკემბერი) შემდეგ უცხოელებს აღნიშნული კატეგორიის მიწა საკუთრებაში არ დაურეგისტრირებიათ.
“სავარაუდოდ, მდგომარეობა უცვლელია, მაგრამ ამ წუთში სტატისტიკური ინფორმაცია თან არ მაქვს. მიმართეთ საჯარო რეესტრის პიარ სამსახურს და დეტალებს გეტყვით ციფრებში. მე ვფლობ მხოლოდ იმ ინფორმაციას რაც გითხარით, ანუ იმას, რომ მდგომარეობა არის უცვლელი“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი კონსტიტუცის ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის არდაშვება იყო.
მინისტრმა მაშინ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„თბილისის იუსტიციის სახლში ყოველდღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები, რადგან რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს კიდევ გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს სამშობიაროში მეუღლესთან უნდა რომ მიბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს; სხვა ბევრი ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა, რომ მიეღოთ ის მომსახურება, რომელსაც ჩვეულებრივ ღებულობენ ხოლმე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მით უმეტეს რიგითი მოქალაქეებისთვის ხელის შეხლა. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ვიმეორებ დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეუნეო მიწა არ დარეგისტირებულა მთელი საქართველოს მასშტაბით ანუ დღეს როდესაც იყო მოსაზრება და ეჭვი, რომ თითქოს მთავრობამ განიზრახა, რომ 5 დღეში მოასწროს რეგისტრაცია, ეს ეჭვი უსაფუძვლოა, უფრო მეტსაც ვიტყვი, შეურაცხმყოფელია”, - განაცხადა მინისტრმა.
bm.ge-ის კითხვას - იმ შემთხვევაში თუ უცხოელს ექნება სურვილი, საკუთრებაში დაირეგისტრიროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შესაძლოა, რომ იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელოვნური ბარიერები შეუქმნას, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
"თუ იქნება, მოთხოვნა, ჩვენ ამაზე შევხვდებით და ვისაუბროთ. მე გეუბნებით დღევანდელი დღის შედეგს", - აღნიშნა წულუკიანმა.