„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე,“ - ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი საოქმო ჩანაწერი 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით - საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილებისთაობაზე“.
მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა. "რუსული კანონის" წინააღმდეგ სასამართლოში 4 სარჩელია შესული: პრეზიდენტის, 32 ოპოზიციონერი დეპუტატის, 122 არასამთავრობოს და 2 მედია საშუალების მხრიდან.
სტუმარი: ეკა ბესელია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელი; პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი