საკონტეინერო ტვირთის მფლობელთათვის ახალი მოსაკრებელი ამოქმედდება. პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა, რომელიც „საკონტეინერო მოსაკრებლის“ შემოღებას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით, საკონტეინერო მოსაკრებელი, გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი.
საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა ამავე კანონის თანახმად, განისაზღვრება, არაუმეტეს 30 ლარით. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას არ დაექვემდებარება ის კონტეინერი, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2024 წლის 1 თებერვლამდე და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.
კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი შეფასებით, ახალი მოსაკრებლის შემოღება იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში, შესაძლებლობას მისცემს გადაზიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობა უზრუნველყონ.
„არსებულ ლოგისტიკური ჯაჭვი, მოითხოვს სპეციალური ტექნიკის, მათ შორის: ტრაილერების, სხვა მძიმე კატეგორიისა და სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი სიხშირით მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. მსგავსი სახის სპეციალური ტექნიკის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება, იწვევს როგორც აღნიშნულის სისტემატურ დაზიანებას, ისე ირგვლივ მდებარე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის არსებით გაუარესებას საჭიროა შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემატური შეკეთება - განახლება“ - ნათქვამია კანონის პროექტში.
კანონპროექტის ავტორთა გათვლებით, ასეთი მოსაკრებელი თუ იარსებებდა 2022 წელს მუნიციპალიტეტები ბიუჯეტში დამატებით 14,3 მლნ ლარის მობილიზებას შეძლებდნენ.