მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამართონ აკრძალული ხალხმრავალი ღონისძიებები

610be4dbc9a4d
BM.GE
05.08.21 18:35
606
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და მოქმედი რეგულაციების აღსრულების პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ადგილი აქვს ისეთი აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვას, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის წვეულება, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი უწყებები მკაცრ რეაგირებას მოახდენენ. აღინიშნა, რომ კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის მიუხედავად, ვითარება იმართება. გრძელდება კლინიკური სასტუმროების დამატებით მობილიზების პროცესი. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მუდმივად გაკონტროლდეს კლინიკური სასტუმროების ჟანგბადითა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხი.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადეს და სოციალური დისტანციის დაცვას, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭო აკვირდება რეგულაციების დაცვის მაჩვენებელს და ვითარების ანალიზის საფუძველზე, გამორიცხული არ არის, ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.

სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა. ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპითაც არის შესაძლებელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც ადგილობრივად, ხელს შეუწყობენ აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 436 573 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 393 453 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 986 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 443 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 219 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები