საკრებულო თბილისის გენგეგმას და რეგულაციებს კ2 კოეფიციენტზე ერთად დაამტკიცებს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დამტკიცდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესები სავარაუდოდ, მარტის პირველ ნახევარში განვითარდება.
"გადავდივართ გენერალური გეგმის მიღების დასკვნით ეტაპზე. ამ პროცესში გადაწყვეტილება უკვე მოისმინეთ, რომ აიკრძალება კ2 კოეფიციენტის გადაჭარბება. ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილება.
გენერალური გეგმა იქნება მიღებული მარტის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში აქტიურად იქნება გენერალური გეგმის პროექტის განხილვა. ამ პერიოდში სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ მივიღოთ ეს დოკუმენტი. ასევე, ცვლილებები გრგ-ის ნაწილში, რომელოც მთავარი ცვლილება არის ის, რომ აიკრძალება კ2 კოეფიციენტის გადაჭარბება", - აცხადებს ტყემალაძე.