პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საკრებულოებში ახალი შტატების შექმნას ითვალისწინებს, 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა. კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავენ, რათა ცვლილებები დამტკიცდეს 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საკრებულოების აქტიური მუშაობის დაწყებამდე.
ცვლილებების მიხედვით, თითოეულ საკრებულოში დაინერგება ახალი თანამდებობა – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. გარდა ამისა, ხუთი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ქუთაისისა და თბილისის საკრებულოების თავმჯდომარეებს კიდევ თითო, მე-5 მოადგილე დაემატება.
საქართველოში სულ 64 მუნიციპალიტეტია. თბილისის გარდა, სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში 5 კომისიაა, შესაბამისად, 63 მუნიციპალიტეტში თითო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დამატება ჯამში 315 ახალ თანამდებობას ნიშნავს. თბილისში კი 11 კომისიაა, შესაბამისად, ამ კომისიების თავმჯდომარეების მოადგილეების და ხუთი თვითმმართველი ქალაქის თავმჯდომარის მოადგილეების დამატებით, ჯამში იქმნება 331 ახალი შტატი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი თანამდებობების შექმნა აუცილებელია საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობითა და კომისიის ფუნქციონირების ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის. როგორც დოკუმენტში წერია, კომისია საკრებულოს უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საკითხების წინასწარ მომზადებას, გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს მერიისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის პოზიციას ითვალისწინებს, რაც პრობლემებს ქმნის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა მიზეზით არყოფნისას. ახალი თანამდებობა ამ პრობლემას მოიხსნის, ხოლო თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატოს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მაქსიმალური ანაზღაურება იქნება 4 000 ლარი, ხოლო თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების მაქსიმალური ანაზღაურება თბილისში – 9 600 ლარი, სხვა ქალაქებში – 7 200 ლარი.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი და ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები გასულ კვირასაც განხორციელდა. მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების ფრაქციების შექმნა გამარტივდა. კოდექსის შესაბამისად, ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება არა აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. ახალ ცვლილებებში კი, დროებითი ნორმის ფარგლებში, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მიეცა როგორც უპარტიო წევრებს, ისე იმ კანდიდატებს, რომლებიც პარტიულ წევრობას შეცვლიან ან სხვა პარტიაში გაწევრიანდებიან.




























