თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, "ქართულმა ოცნებამ" 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რომელიც დედაქალაქში ცათამბჯენების აშენებას უკავშირდებოდა, მათ შორის - "სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და რკინიგზის სადგურთან, ასევე დიდ დიღომში კორპუსების მშენებლობას.
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის აშენებაზე საკრებულომ გრგ-ის დავალება მისცა შპს "კოსტავა 69"-ს. "სპორტის უნივერსიტეტის" ადგილზე, დამტკიცდა გრგ; ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე, რომლის მრავალსართულიანი შენობებით განაშენიანება იგეგმება ასევე დამტკიცდა განაშენიანების გეგმა; დიდი დიღმის ტერიტორიაზე, პეტრე იბერის ქუჩა #13, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების შეცვლილი ვერსია.
რა ვიცით მშენებლობებზე, რომელსაც ეს პროექტები ითვალისწინებს. დავიწყოთ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიით, ეს არის გმირთა მოედანსა და საცურაო აუზს შორის არსებული სივრცე, რომელიც ავტომობილით გადაადგილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ლოკაციაა ალბათ ქალაქის მასშტაბით. სწორედ აქ იგეგმება ორი ცათამბჯენის აშენება. საუბარია 52 და 40-სართულიან შენობებზე, 1000-1000 საცხოვრებელი ბინით და კომერციული ფართით. ჯამურად პროექტი მოცულობაში იქნება 155 599 კვადრატული მეტრი.
მეორე გახლავთ "სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორია, რომელიც ჭავჭავაძის 49-ში მდებარეობს. პროექტი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ოთხი შენობის მშენებლობას, საიდანაც ყველაზე მაღლის სიგრძე 180 მეტრი იქნება - 47 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართულით. 18 664 კვადრატული მეტრის სიგრძის მიწის ნაკვეთზე შენდება 85 854 კუბური მეტრის შენობა, გამწვანება კი იქნება 5 599 კვადრატული მეტრი.
რაც შეეხება ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას, დადიანის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის სადგურთან, აქაც მოიაზრება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. მათ შორის ერთ-ერთი 154 მეტრი სიმაღლის იქნება და 44-სართულს გააერთიანებს.
რას შეცვლის მასშტაბური სამშენებლო პროექტები თბილისში?
სტუმარი: რევაზ სოხაძე - საკრებულოს წევრი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;