1-ელი აპრილიდან საქართველოში კომპანიების ნაწილმა ადგილობრივი საკურიერო მომსახურების ტარიფები გაზარდა. კომპანია „OnWay“-ს დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ფასების კორექტირება გარდაუვალი ნაბიჯი იყო სექტორისთვის, რომელიც საწვავის მზარდი ხარჯების ფონზე ფუნქციონირებს.
მისი თქმით, ტარიფები საშუალოდ 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, რაც გზავნილის წონასა და კატეგორიაზეა დამოკიდებული:
„საკურიერო კომპანიებს მოუწიათ ტარიფების გადახედვა. ჩვენს შემთხვევაში, ტარიფები დაახლოებით 50 თეთრიდან 1 ლარამდე გავაძვირეთ. დაბალ საფასო კატეგორიებში, მაგალითად, 5 კილომდე ამანათებზე, ტარიფს 50 თეთრი დაემატა, ხოლო მაღალ საფასო კატეგორიებში - 10 კილოდან და ზემოთ - 1-ლარიანი სხვაობა აისახა. თბილისის მასშტაბით გადაზიდვა 6.5 ლარიდან იწყება, ხოლო რეგიონებში - 11.5 ლარიდან, კარიდან კარამდე მიტანის პრინციპით“ - განმარტავს BMG-სთან თამარ გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა ტარიფების შენარჩუნებას, თუმცა საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ საოპერაციო ხარჯები კრიტიკულ ნიშნულამდე აიყვანა:
„ეს გაძვირება გამოწვეულია ბოლოდროინდელი საწვავის ფასების ზრდით, რაც დაფიქსირებულია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად აზიანებს ბიზნესს. იძულებულები გავხდით, პირველი აპრილიდან შეგვეცვალა ტარიფები, რათა ჩვენი გაზრდილი საოპერაციო ხარჯები დაგვებალანსებინა. კომპანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ფარავდა ამ ხარჯებს, თუმცა, ვინაიდან ლოგისტიკის ინდუსტრია საკმაოდ სენსიტიურია საწვავის მიმართ, რომელიც ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ ხარჯს წარმოადგენს, სხვა გამოსავალი არ გვქონდა.“
ამასთან, თამარ გოგოლაშვილის თქმით, ადგილობრივი ტარიფების მცირედი მატება რითეილ სექტორისთვის იმდენად მძიმე არ იქნება, რამდენადაც გლობალური ლოგისტიკური კრიზისი:
„რეალურად, ადგილობრივი ტარიფი არ არის იმდენად მაღალი, რომ რითეილმა ეს მტკივნეულად აღიქვას. ამასთან, მათ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საჰაერო გადაზიდვაც უძვირდებათ, სადაც ფასნამატი გაცილებით მაღალია და კონკურენციაც ისეთი არ არის, როგორიც ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, კომპანიებს პროდუქციის შესაძენადაც გაძვირებული საერთაშორისო გადაზიდვის ტარიფით უწევთ თანხის გადახდა. ვფიქრობ, ადგილობრივი გაძვირება იმდენად არ დაარტყამს ბიზნესს, ვიდრე საერთაშორისო გადაზიდვები,“ - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი და განმარტავს, რომ OnWay-მ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მომხმარებლები 10 დღით ადრე გააფრთხილა.




























