მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკურიერო სექტორი გადარჩენის რეჟიმშია - „დელივერო“

ვაჟა ჩახუნაშვილი

საქართველოში საწვავის ფასების მატება ლოგისტიკურ და საკურიერო სექტორს კრიზისულ მდგომარეობაში აყენებს. როგორც კომპანია „დელივეროს“ დირექტორი ვაჟა ჩახუნაშვილი BMG-სთან აცხადებს, სექტორი ამჟამად „გადარჩენის რეჟიმშია“ და თუ საწვავის გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა, მომსახურების ტარიფების ზრდა გარდაუვალი იქნება.

ჩახუნაშვილის განმარტებით, კომპანიები ამ დრომდე მაქსიმალურად ცდილობდნენ ფასების შენარჩუნებას, თუმცა რესურსები ამოწურვის ზღვარზეა.

„ჯერჯერობით ჩვენ ტარიფი არ გაგვიზრდია, ისევ ჩვენი მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა, ძალიან მოკლე დროში გაძვირდა საწვავი. ეს საკმაოდ დიდი ზრდაა, რომელიც ამ სფეროსთვის დამაზიანებელია, მით უმეტეს გადაზიდვის სფეროსთვის. განვიხილავთ, რომ თუ ფასის ზრდის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, რა თქმა უნდა, ფასებს უნდა გადავხედოთ და შემდგომ, ჩვენს მომხმარებელს შევუთანხმოთ ეს ყველაფერი,“ - აცხადებს „დელივეროს“ დირექტორი BMG-სთან.

მისივე თქმით, კომპანიები ამჟამად პიკზე იმყოფებიან და ბაზარზე არსებული ტარიფების შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.

„დღეს საკმაოდ კონკურენტული ტარიფები გვაქვს ბაზარზე, თუმცა უკვე პიკზე ვართ მისული ამ ყველაფრის გამო. აქ უკვე კონკურენციაზეც აღარ არის საუბარი, საუბარია გადარჩენაზე, რომ ზარალზე არ გაიქცეს ეს ტარიფები.

ჩემი ბოლო ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში კიდევ უნდა გაძვირდეს საწვავი. თუმცა არავინ აკონკრეტებს რამდენით. ამიტომ ჩვენც ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად და აპრილი ალბათ გადამწყვეტი იქნება ფასის ზრდასთან მიმართებით. თუ ასე გაგრძელდა, აპრილში როგორც საკურიერო, ისე ლოგისტიკური მიმართულებით ტარიფები გაიზრდება“, - განმარტავს ჩახუნაშვილი.

1-ლი აპრილიდან საქართველოში კომპანიების ნაწილმა ადგილობრივი საკურიერო მომსახურების ტარიფები გაზარდა. საწვავის ფასების ზრდის გამო, დარგის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი საშუალოდ, 10%-ით გაზარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები