"საკუთრების უფლების დაცულობა გაუარესდა და გადატვირთულ სასამართლოს კი დამატებით საქმეები დაემატა"
BM.GE
29.01.17 11:00
• 1330
საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ბიზნესასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი საუბრობს.
- ბატონო ნიკა, საპოლიციო გამოსახლების წესთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა იყო, რომელმაც პრობლემები 2016 წელსაც გამოიწვია. მაშინ მთავრობამ რა ვერ გათვალა, რა იყო ეს ძირითადი პრობლემები?
- ბიზნესომბუდსმენი სწორად აფასებს იმას, რაზეც ჩვენ დაახლოებით ორი წლის წინ ვსაუბრობდით. საკუთრების უფლებების დაცულობა გაუარესდა და ისედაც ძალიან ბევრი საქმით გადატვირთულ სასამართლოს კიდევ დამატებით საქმეები დაემატა, რის შედეგადაც ისედაც შემცირებული სასამართლო სისტემების გამტარუნარიანობა, კიდევ უფრო შემცირდა და მინიმუმამდე დავიდა. ჩვენ გაგვიჭირდა, გვიჭირს და გაგვიჭირდება საკუთრების უფლებების დაცვა. თუ ვინმე მესამე პირი გადაწყვეტს, რომ უკანონოდ, ან არარსებული ხელშეკრულების დარღვევით ისარგებლოს ჩვენი საკუთრებით, სასამართლოში უნდა წავიდეთ და 1-1,5 წელი ვიდაოდ, ალბათ ამ საქმეს მოვიგებთ, თუმცა ამ დახარჯულ რესურსსა და ხარჯებს დიდწილად არავინ აგვინაზღაურებს. აქ განსხვავება მხოლოდ დროშია. არავისთვის დასამალი არ არის ის, რომ დიდწილად ამ კანონპროპექტის მიღება, ვითომდა იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლად იყო გათვალისწინებული, მაგრამ ამით არანაირი პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან მაინც სასამართლოში წასვლაა აუცილებელი, სასამართლო კი ელემენტარულად ვერ განიხილავს საქმეებს, იმის გამო, რომ თითო მოსამართლეს რამდენიმე ასეული საქმე აქვს. დღეს სასამართლოს სისტემა, ანუ კონტაქტების აღსრულების და მართლმსაჯულების სისტემები, რაც ბიზნესს აინტერესებს ფაქტიურად არ მუშაობს და ეს არ არის მხოლოდ ბიზნესისა და ცალკეული ადამიანების პრობლემა - ეს მთლიანად სახელმწიფოსა და ეკონომიკის პრობლემაა. ჩვენ ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემას დიდი ყურადღება და რესურსი დავუთმოთ და ვეცდებით ამ პრობლემის გადაწყვეტა დავაჩქაროთ, რადგან მას ყველა ხედავს და აღიარებს.
- ხომ არ აპირებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ბიზნესომბუდსმენთან დაიწყოთ საუბარი და მის მოსაგვარებლად მასთან ითანამშრომლოთ?
- ჩვენ დიალოგი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, არა მხოლოდ ბიზნესომბუდსმენთან, არამედ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან. აღნიშნულ პრობლემაზე ერთად ვმუშაობთ და ვმსჯელობთ.
- როგორია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია?
- პრობლემის არსს ყველა ძალიან კარგად ხვდება და მას ყველა აღიარებს, თუმცა მისი გადაწყვეტის გზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ სასამართლოს სისტემას, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ცალკე შტოა და მის ჩართულობას და აქტიურობას აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მომავალში კიდევ უფრო ექნება. ჩვენი აზრით, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა.
- როგორ შეიძლება ეს კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს, სასამართლოს სისტემის გამართვაზე უნდა ვიზრონოთ, თუ ეს ცვლილება შევაჩეროთ?
- როგორც უკვე აღვნიშნე, სასამართლო სისტემის გამართვა ბევრად ფართო პრობლემაა, ვიდრე საპოლიციო გამოსახლების საკითხი. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება ერთ-ერთი თანმდევი შედეგია, რადგან არავინ არ არის იდეაში წინააღმდეგი, რომ მესკუთრესა და მფლობელს შორის დავა სასამართლომ განიხილოს. პრობლემა სწორედ ის არის, რომ სასამართლო ვერ განიხილავს აღნიშნულ დავას 1-2 თვეში, როგორც ეს კანონშია გაწერილი. შედეგად კი მივიღებთ დავას, რომელიც 1 და 2 წელი გრძელდება.
- რა ეტაპზეა და რა დრო დაჭირდება აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას?
- ამ ცვლილების მიღებამდე რაც იყო, ის მდგომარეობა უნდა დაბრუნდეს. ის მუხლი უნდა აღდგეს კოდექსში, რომელიც ამ ცვლილებამ გააუქმა, ანუ პოლიციას გამოსახლება უნდა შეეძლოს. აქვე მნიშვნელოვანია, რამ აღვნიშნოთ აქ არ იგულისხმება ის, რომ პოლიცია ვიღაცას ასახლებს ვიღაცის საკუთრებიდან. პოლიციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს მიემართა, თუ იგი მესაკუთრედ არის რეგისტრირებული და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებაშია. ასევე, ეს დავა რამე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არ უნდა იყოს წარმოშობილი და ა.შ.
პროცესს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება სჭირდება. თავის დროზე, როდესაც ეს კანონპროექტი მიღებული იყო, ეკონომიკურ გუნდს მაშინაც ჰქონდა ცალსახად უარყოფითი პოზიცია და ეს ამ ვითარებაში არავის დაუმალავს. ვფიქრობთ, რომ ამას დიდი წინააღმდეგობა არ უნდა მოყვეს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შედეგი ყველამ დავინახეთ და შედეგი არის ძალიან ცუდი. ხომ არ გადავყვებით ამას, უნდა გამოვასწოროთ ის, რაც დაზიანდა.