მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალიზინგო სექტორის მოცულობამ თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია, ზრდა 35-40%-ია - ასოციაცია

ლიზინგი

საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში ინდუსტრიის პორტფელის ზრდის ტემპი 35-40%-ის ფარგლებში იყო.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გვანცა გვიჩიამ BMG-ის განუცხადა, ბაზრის დიდი წილი კვლავ კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის.

მისი თქმით, სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სექტორის, ასევე ვაჭრობის და წარმოების მხრიდან.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, მიმდინარე წელი ბაზრისთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ აქტიურად დაინერგა კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი.

“ძალიან კარგი წელი იყო ჩვენი დარგისთვის. მნიშვნელოვანი ზრდა იყო, წლის ბოლოსთვის 35-40%-იან ზრდას ველოდებით. მილიარდ ლარს მიაღწია ფაქტობრივად სალიზინგო სექტორის პორტფელმა, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდულია და ზრდის მაჩვენებელიც საკმაოდ დიდია. კოვიდ პანდემიის შემდეგ მსგავსი სწრაფი ზრდა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება სექტორებს, ლიზინგისთვის მაინც ისეთი სექტორები გვაქვს აქტუალური, რომელიც კაპიტალტევადი ძირითადი საშუალებებით არის დატვირთული. თუმცა, მიმდინარე წელს ძალიან აქტიური იყო უძრავი ქონების დაფინანსება, რაც ფაქტობრივად ახალი პროდუქტი იყო საქართველოს ბაზრისთვის და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზრდისთვის.

ასევე ის სტანდარტული სექტორები, როგორიც არის მომსახურება, სამშენებლო და სატრანსპორტო მიმართულება, საწარმოო მიმართულება, კვლავ იკავებს მნიშვნელოვან წილს სალიზინგო კომპანიების პორტფელში. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ეს პროცესი. მიჰყვება სექტორულ ანალიზს საქართველოში ეკონომიკის განვითარების ტრენდს. კარგია ის, რომ საწარმოო ხაზი აქტიურდება, უძრავი ქონება ჩაერთო ბიზნესის ლიზინგში, ტრანსპორტი და ყველა ის სექტორი, რომელიც აქამდეც აქტიური იყო, კვლავ აქტიური დარჩა”, - განაცხადა გვანცა გვიჩიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები